Thursday, December 10, 2020

სხვადასხვა თვალით დანახული ფოთოლი

        ამას წინათ ასეთი დავალება მივეცი მოსწავლეებს - შეხედეთ ამ ფოტოს 👇 
და შექმენით მხატვრული ტექსტი - ლექსი, დიალოგი, მოთხრობა, მინიატურა, ჩანახატი, კომიქსი... 🍁🍂🍁 მართალია, ამ მოულოდნელ დავალებას (მე-10 კლასში ჰაგიოგრაფიულ ტექსტებს შევისწავლით ახლა 😇, მე-9 კლასში "ადამიანი გაზეთს სვეტში" განვიხილეთ ახლახან.) არაერთგვაროვანი გამოხმაურება მოჰყვა, მაგრამ, ვფიქრობ, ბავშვებმა ამ დავალებას საკმაოდ კარგად გაართვეს თავი, ძალიან ლამაზი და საინტერესო ნამუშევრები შექმნეს, რასაც ასეთმა წინაპირობამაც შეუწყო ხელი - მოსწავლეების შემოქმედება მე წარვადგინე დისტანციურ გაკვეთილებზე ანონიმურად, ავტორების დაუსახელებლად (მოგეხსენებათ, ხანდახან გვეუხერხულება ხოლმე ჩვენი გულისნადები გავასაჯაროვოთ. 😇👀). 
@ცირა ბარბაქაძის ფოტო და ნაწილობრივ იდეაც. 💓


P.S. აღმოჩნდა, რომ  მოსწავლეებს ამ დავალების შესრულებაში ეს მუსიკებიც  დაეხმარა 🕬:



***

შემოდგომაა,
ოქროსფრად ბარდნის...
და ეს ფოთლები
ფარდაა დარდის...


***
 მივაბიჯებ ბნელ და მშვიდ
გამხმარი ფოთლებით მიმობნეულ ქუჩებში,
ყოველ ნაბიჯს ხმა მოჰყვება
სასიამოვნო. 
ბედნიერი ვარ, 
მაგრამ
ბოლო ფოთოლიც ვარდება,
გვტოვებს...
ყველაფერი ნისლში იბურება...


***

ტემპერატურამ კლება დაიწყო, ბუნება ათასფრად შეიღება. ფოთოლცვენა დაიწყო, ყველაფერი გაყვითლდა. ბუნება თბილ ფერებში შეიმოსა. მშვიდია შემოდგომის დღეები. მზე ისე უხვად აღარ აფრქვევს სხივებს. ყველაზე თავისუფალი ამ დროს ფოთოლია, ის თითქოს ჩიტია, თავისთვის დანარნარებს ხან იქით, ხან აქეთ. რაღაც ახალი იწყება თითქოს. ყველაფერი ცუდი უკან დარჩა და წინ ფერადი ფოთლებით მოფენილი გზაა… მაგრამ გზას ერთი დასასრული აქვს ცივი, ქათქათა, თეთრი…

 ***

ქარმა მოაფრინა ყვითელი ფოთოლი,

ეული, სნეული, ფესვებს მოწყვეტილი.

ქუჩაში, წვიმაში დააგდო ობოლი,

ბედის ანაბარა და გულდაწყვეტილი.

 

ქარი შევაჩერე და კითხვით მივმართე:

რას ერჩი, რად წირავ, რა დაგიშავა?

მან კი მიპასუხა: გითხრა სიმართლე?!

მოხუცდა, დაბერდა და ხელს მიშლიდა...

 

ქარის მონათხრობმა გული დამითუთქა,

ჩავფიქრდი ცხოვრების მწარე გაკვეთილზე.

ამიტომ წავალ და ნერგს დავრგავ ქუთქუთას,

რომ გაიზარდოს და იფიქროს კეთილზე!!!

***

შემოდგომის საღამოა მშვიდი,

კორონა ვირუსი ელვარებს,

ყველა იკეთებს PCR ტესტებს,

აწი ვერ დავწერთ გამოცდებს.

კორონა სახლიდან არ გვიშვებს,

ვატყობ, კვალს დაატყობს ახალ წლებს,

დერეფანში მყოფი თამაზი მელანდება:

„რატომ არ ესწრები გაკვეთილებს?!“

აწი, როდის ვიხილავთ ყვითელ „ვალინკებს“?!

მე კი ვზივარ და ვწერ ლექსებს,

ბუხარში ცეცხლი გიზგიზებს,

ფოთლები ცვივა, ცვივა, ცვივა

და წვიმის წვეთები

უხეშად ეცემა დაცვენილ ფოთლებს.


***
უყვარდა შემოდგომა. ფანჯრის რაფაზე ჩამომჯდარი წვიმის წკაპა-წკუპს უსმენდა და ჩაის ჭიქით ხელში საკუთარ ფიქრებში იძირებოდა. ძნელი იყო დიდობა, უფროსების პრობლემებსა და სტრესს გაუგო გემო. არადა პატარაობისას რა კარგი იყო გაზრდაზე ფიქრი, არ იცოდა მაშინ რთული რომ იყო მარტო არსებობა. ისევ შეეძლოს ნეტავ დედის კალთას ამოფარება და სამყაროსგან დამალვა. რა კარგი იყო მაშინ, მასზე ზრუნავდნენ და ამ ცხოვრების კარგ მხარეს ეცნობოდა მხოლოდ. შემოდგომაც რა კარგი იყო თურმე მაშინ. წყლის გუბეებში ხტომა და ჩამოცვენილი ფოთლების ჰაერშივე დაჭერა. ნოსტალგია შემოაწვა. უცებ ძლიერად მოუნდა ქუჩაში გავარდნა და ფოთლებში ხტუნვა, ხრაშუნის ხმის გაგება. გარეთ არ გასულა. არც კი წამომდგარა, თბილ პლედში გახვეული იჯდა. აი, კიდევ რა დაკარგა დიდობისას. ახლა პატარა რომ ყოფილიყო, არც დაფიქრდებოდა, ისე გაიქცეოდა გარეთ სათამაშოდ, ვინ იცის შეიძლება პალტოს მოცმაც დავიწყებოდა. ახლა დიდია. მილიონმა აზრმა მაინც გაუარა თავში. "რა მოხდება, თუ გავცივდებიო" ან "ახალი პალტო რომ გამიფუჭდესო?" რა მარტივი იყო თურმე ადრე გადაწყვეტილებების მიღება, ახლა გაუჭირდა. დიდია უკვე. კაცი დაინახა გარეთ. ტროტუარზე იჯდა ბოთლით ხელში. ოდნავ ქანაობდა კიდევაც წონასწორობადაკარგული. ლოთიაო გაიფიქრა თავისთვის. ჩაი მოსვა და შეკრთა უეცრად. რა უხეშად გამოუვიდა ეს ფიქრი. როგორ სასტიკად გამოუტანა განაჩენი იმ უცხო კაცს. ვინ იცის რა გასჭირვებია, ის კი აქ თბილად ზის და განსჯას ბედავს კიდევაც. პატარა რომ ყოფილიყო, ახლა გარეთ გავიდოდა და იმ უცხო ბიძიას მიუჯდებოდა გვერდით. ფუნთუშებს გაუტანდა, მთელი დღე გაუჩერებლად იტიტინებდა და თავის განუყრელ მეგობარ თოჯინასაც გააცნობდა. იმიტომ, რომ ის ბიძია სევდიანი იყო, მას კი არ უყვარდა ადამიანები რომ იწყენდნენ. ახლა არ გავიდა. შეეშინდა, ლოთი ან ნარკომანი არ აღმოჩნდესო. რა მარტივი იყო გულისხმიერება პატარაობისას. ახლა დიდია უკვე. ფოთოლი დაინახა. ნაზად მოიწევდა მიწისკენ. წყალზე დაეშვა. რატომღაც ამ ბუნებრივმა მოვლენამ გული დაუმძიმა. პატარა რომ ყოფილიყო ახლა, გაუხარდებოდა ფოთლის ჩამოვარდნა, ეს ხომ შემოდგომის მომასწავებელია. ახლა დასევდიანდა, მშობლიურ ხეს მოწყვეტილი ფოთოლი შეეცოდა. რა ნათელი იყო სამყარო პატარაობისას... ახლა გაიზარდა, დიდია უკვე...

***
 სივრცეში გაფანტული ფოთლებით მივიკვლევ გზას
 და ვემშვიდობები შემოდგომის დარდს.

ვაგროვებ გაფანტულ ფიქრებს

და ვერ ვიმორჩილებ დროს.

 წვიმის წვეთები ცეკვავენ ჩემს დამდნარ ლეშზე,

ხოლო ქარს მე გავატან ლექსებს...

მალე ზამთარიც მოვა,

 რა დალევს გაყინული დღეების რიგებს,

ილუზიები ამ დროს იცვლება

 და იჟღინთება წუმპიან თოვლში.

ყვითელი ფოთლები მინათებენ ცივი კედლებისკენ გზას

და ვემშვიდობები შემოდგომის დარდს.

 ისევ წვიმს, გუბეში სულის ანარეკლი მკვეთრად ჩანს,

ჩემი ეგო მაიძულებს შევაბოტო და გავფანტო ის.

ფეხებთან ერთად გონებაც მისველდება,

კარზე მიკაკუნებს, შეხვედრას ვდებ...

 ის კი მპირდება, რომ ჩემი ოთახის ცივ ლოგინში დამელოდება

და ვეთხოვები შემოდგომას მომავალ წლამდე,

 რათა ფოთლებმა კვლავ გამიკვლიონ სივრცეში გზები...


                          ***

ნეტა, რამდენს გაწვდება ჩემი კალამი?
აი, შემოდგომამაც აწია თვისი ალამი.
ხალხმა იგემა ერთმანეთის ჭირი, ვარამი,
და, აი, ნოემბრის წვიმამაც გვითხრა ლაღი სალამი.

ამის მოთხრობა შეეძლო ნეტავი ვინმეს?
ფოთლები ჭკნება, ეფინება ნამიან მინდვრებს.
ზღვის ნაპირიდან კი შეამჩნევთ ბობოქარ ზვირთებს,
ჩემი სტროფები კი მიაქვს იდუმალ სიტყვებს.

რძისფერ ნისლში გახვეული მთრთოლვარე ფიფქი
მუზას მაძლევს, როგორც ქალი, თამამი,
და ამ მუზას მოაქვს ყოველი ფიქრი,
აი, აქამდე მოვიდა ჩემი კალამი!



                შემოდგომა

                           შემოდგომაა და ქარის გრგვინვა ტყის

 მდუმარებას ახშობს,

                                     სულით მძვინვარე, თანაც მთრთოლვარე

 სევდას ფოთლებში აქსოვს,

                                     ტოტი ტოტებში იხლართება და სიოს 

მტევნებს აპობს,

                                     ფოთოლი ხის ლანდს ეჭიდება... და

 გადარჩენას ლამობს.

                                      მაგრამ თავის ბედს ვინ გაქცეულა, ხე 

ყვითელ სამოსს დათმობს,

                                     ფოთოლთა ჯარი ნიავს მიჰყვება და 

არემარეს ათრობს,

                                     ოქროსფერ ქურქში გახვეული თვის ბედზე 

აღარ დარდობს,

                                     ბუნების ქნარზე მოცეკვავე უკვე 

ზაფხულსაც დაგმობს!

                                      და მის სხეულზე შემოცმული წითელ 

თმით გულებს ალღობს,

                                     შრიალებს, მიჰქრის... დაფარფატებს,

 ეალერსება მთა-გორს,

                                     უკვე ამაყი და მედიდური გულში სიახლეს

 გვაქსოვს,

                                     სულით ძლიერი, სულით ლამაზი- 

„შემოდგომა ვარ!“-ამბობს.


                        ***

ხეს ჩამოსცვივდა ბოლო ფოთოლი

და მიილია ეს შემოდგომა,

მაგრამ ჩვენ მაინც გვიწევს

ფეხზე ადრე წამოდგომა,

რომ მივუსწროთ გაკვეთილებს,

თუმცა, არა სკოლაში,

რადგან ჩვენი საქართველო

არის კოვიდთან ბრძოლაში.

მიილევა ფოთოლცვენა,

ზამთარიც კი გადაივლის

და კორონას ვაქცინა

მთელ მსოფლიოს შემოივლის.

დამარცხდება პანდემია,

ქართველებიც გადავრჩებით

და გამოვალთ სახლებიდან,

გავიხარებთ, გავლაღდებით.

დალაგდება ეს ქვეყანა,

ყველაფერი გადაივლის.

დაბრუნდება ის რუტინა, როგორც ადრე იყო,

ისევ წავლენ მათ სკოლაში ლუკა, მარი, ბადრი, ნიკო!


***

           დეკემბრის სუსხიანი ქარი ძვლებში ატანდა, აკანკალებდა ყველა სულიერს, მით უმეტეს მსოფლიოს ისეთ მიყრუებულ და გაყინულ ადგილას, როგორიც ციმბირია. ეს არავის უნდოდა... არავის სურდა თბილი კერის მიტოვება... არავის სურდა ოჯახის წევრებთან დამშვიდობება... არავის სურდა სიყვარულით სავსე სახლიდან ქოხში გადმოსვლა... მათ ეს არ დაუმსახურებიათ...

            ყინულით გადათეთრებულ გარემოში პატარა, რუხი ქოხი არც მოჩანდა. ამ ცივ სამყაროში ყველაფერი ცარიელი იყო, ადამიანის გულით დაწყებული კუჭით დამთავრებული. ერთადერთი, რასაც გაიგონებდით, იყო ჯარისკაცის ძახილი:

-         --მიაწექი!  ჩქარა, თორემ საჭმელს ვერ ეღირსებით შენ და შენი ოჯახი!

-       -  რას აკეთებ? დაჯდომის უფლება ვინ მოგცა? ახლავე ფეხზე!

-        -  აი, შენ, ერთი კვირა საჭმლის გარეშე!

მრავალი ასეთი ბრძანება ტოვებდა ჯარისკაცის პირს, თუმცა ვის ადარდებდა?! მთავარი იყო,  მას საკუთარი გაუმაძღარი კუჭი ამოევსო და სხვისას არც დაგიდევდათ.

              ჯარისკაცის ყვირილს გოგონას მისუსტებული ოხვრა და ჩურჩული შეერია, თუმცა იმდენად სუსტი იყო ეს, რომ მის სარეცელთან მდგარმა დედამაც კი ვერ გაიგონა შვილის სიტყვები. შვილის, რომელიც ცხრა თვე მუცლით ატარა, გაზარდა, მოუარა და რისთვის?! რომ შემდეგ საახალწლოდ გამზადებული ღორივით დაეკლათ. სამყარო სასტიკია, ყოველთვის იყო და იქნება. ვის არ აუჩუყდებოდა გული ამ სანახაობაზე?!

-       -  დედა.. დედი...

-       -  ჩემო პატარა, აქ ვარ, არ ინერვიულო, დედიკო აქ არის.

-       - დე... სიკვდილის შემდეგ ცხოვრება როგორია?

დედამ ამოიტირა, მისი ზურმუხტისფერი თვალებიდან ცრემლმა გამოჟონა და უკვე ჩამხმარ ღაწვებზე დაეცა. შვილს გაუღიმა, აკოცა და უთხრა:

-        - სიკვდილის შემდეგ ადამიანი ულამაზეს სამყაროში ხვდება, ია-ვარდებით მოფენილ ქვეყანაში. აი, ისეთში,  როგორიც ზღაპრებშია. შენ პატარა ანგელოზი იქნები. ჩვენ ერთად გავცილდებით ამ სამყაროს და მოვივლით ყვავილებით გავსებულ მინდვრებს. მე და შენ, ჩემო პატარავ, მხოლოდ მე და შენ...

პატარამ დედიკოს გაუღიმა, თუმცა ეს ის საყვარელი ღიმილი აღარ იყო, ადრე რომ ჰქონდა, უკვე გალურჯებულ ტუჩებს ძლივს ამოძრავებდა, თვალები ეხუჭებოდა, თუმცა ცდილობდა დედამისისთვის კვლავ შეეხედა, შეიძლება უკანასკნელადაც...

-        - დედიკო, იქ თავისუფლები ვიქნებით?

-      -  კი, ჩემო პატარავ, მე და შენ გავფრინდებით, ლაღად ვიფრენთ და მამიკოს ვნახავთ. აი, როგორც ნეკერჩხლის ფოთოლს მიაქროლებს ნელი სიო, ისე გავფრინდებით და ზემოდან გადმოვხედავთ ყველაფერს.

-      -  როგორც ეს ნეკერჩხლის ფოთოლი? - იკითხა გოგონამ და გახუნებული ფოთოლი დაანახა დედას.

-      -  ხო, ზუსტად ასე ...

-       -  მაშინ აღარ მეშინია სიკვდილის. შენ ხომ ჩემთან იქნები, დე?

-       -  კი, შვილო...

გოგონამ გაიღიმა და საბოლოოდ მიხუჭა დაღლილი თვალები. სარეცელთან დარჩენილმა ქალმა ჯიბიდან პატარა დანა ამოაძრო, თვალდაუხამხამებლად გაირჭო გულში და საბოლოოდ გაემგზავრა ამ ქვეყნიდან თავის გოგონასთნ ერთად...

          ***

კორონა მორჩა,

 გარეთ გავედი,

ძირს დავიხედე.

უიი, ფოთოლი!..

დამვიწყებია...

რომ ხეც იცვლება

და შემოდგომით

ცვივა ფოთლები.

ზემოთ ავიხედე,

ციყვი დავინახე,

კაკალს ამტვრევდა,

იყო თავისთვის.

და უცებ მივხვდი,

რა დრო გასულა,

კარს მოგვდგომია

ოცი ორმოცი!


***


მე  ფოთოლი  ვარ, ბუნების  უბრალო და თავმდაბალი ქმნილება. ჩვენ ერთმანეთს  ბევრჯერ შევხვედრილვართ, მაგრამ  შენ ვერასდროს  მამჩნევ, არასდროს გიფიქრია ჩემზე. ეს იმიტომ, რომ არაფერი იცი ჩემ შესახებ. მინდა, რომ შენ, როგორც  ცივილიზებულ ადამიანს, შეგახსენო ჩემი არსებობის შესახებ და დაგაფიქრო იმაზე, რაზეც არასდროს გიფიქრია.

  მე ძველი ფოთოლი ვარ, თავის დროზე მეც ლამაზი ვიყავი. დაწყებული მკრთალი მწვანიდან, როცა პირველად გამოჩნდა კვირტი, ცეცხლოვან წითელ, ნარინჯისფერ და ყვითელ ფინალამდე ბედნიერად და უდარდელად მოვედი… მაგრამ დადგა დრო, როცა ხეს უნდა გავეშვი. უნდა გავეშვი, რათა მას  მომავალი აეთვისებინა და მისი ტოტები ახალბედა ფოთლებით ჩაენაცვლებინა. მეშინოდა, არ მინდოდა, მაგრამ მაინც დავვარდი. დედამიწაზე ვიწექი და ვკვდებოდი, ვკარგავდი ფერს და უფრო და უფრო ხმელი ვხდებოდი. მე ქარს ვენდობოდი, მას დავყვებოდი. ის კი რომელიმე უცხო ადგილას მიმაგდებდა ხოლმე. შემდეგ ახალი ქარი გამოჩნდებოდა, რომელიც წინას მსგავსად, მოულოდნელად მიმატოვებდა და გზას უჩემოდ განაგრძობდა. მინახავს წვიმაც, წყალდიდობაც, ჭექა-ქუხილიც. მთელი ცხოვრება სრულიად მარტო უბრალოდ გადარჩენას ვცდილობ. შენ კი არასდროს გიფიქრია და ვერასდროს დავუშვებ, რომ მე  იმაზე მეტი მაქვს გამოვლილი, ვიდრე ზოგიერთ ადამიანს.

მე ვიყავი შენი პირველი კაბა, მე შევმოსე პირველი ადამიანი, მე ვიყავი თქვენი პირველი ვეგეტარიანული კერძი, მე უხსოვარი დროიდან გიცავდით მზის მწველი სინათლისა და სითბოსგან. მე და ჩემნაირებმა დავნერგეთ ხელოვნება, ჩვენ დავეხმარეთ ხელოვანებს ცოდნისა და უნარების მიღებაში, დიდი როლი ვითამაშეთ თქვენს განვითარებაში და დღემდე ვთამაშობთ...ზოგიერთ ჩვენგანს თქვენი გაკურნებაც კი შეუძლია, თქვენ ჩვენ გარეშე ვერ იარსებებთ.

 თქვენ კი ამას ვერც ხედავთ, არც არასდროს გიფიქრიათ.“ეჰ,ფოთოლი“- ალბათ ახლაც ასე ფიქრობთ.

***

სარკმლიდან მოჩანს თეთრი ფანტელები

როგორ მოცეკვავენ ციდან,

როგორ არშიყობენ ჭადრის ჟღალ ფოთლებთან,

ფოთლებიც თრთიან და თრთიან.


ცელქობენ ფოთლები, ნაზად იღიმიან,

იტყვი, ცეკვავენო თითქოს,

ფანტელებს ეკრძალვის ობოლი ფოთოლი,

ჩაბღაუჭებია ხის ტოტს.


ვერა, ვერ გაუძლო ფოთოლმა განაჩენს,

ფიფქებმა კამარა შეკრეს...

ჰა, ჟღალი ფოთოლი მიწაზე დაეშვა

და დაემორჩილა სვე-ბედს.


 უკანასკნელი ფოთოლი 

შემოდგომის წვრილი წვიმა... დაუსრულებელი ცრიატი... ჩუმი შემპარავი,უხმაურო და მაინც შემაწუხებელი... ჩამოწოლილი ტყვიისფერი ცა, ტალახი...მიუხედავად ამისა, თავისებური სილამაზე ეუფლება ქალაქს ბუნების ჭკნობის ჟამსაც. თითქოს მოსწყინდათო ხეთა კენწეროებზე ყოფნა, ფოთლებმა თითო-ოროლად იწყეს მიწაზე ცვენა. დიდხანს, უჩუმრად დაფარფატებდა ჰაერში ოქროსფერი ნეკერჩლის ფოთოლი, ქარიც უმოწყალოდ მიაქროლებდა. ნეტავ, სად, სად დაეშვება!? ,,ნახვამდის, საყვარელო ქალაქო, მწვანე ტყევ, ტყე-პარკებო! მშვიდობით, ჩემო მეგობარო, ნეკერჩხალო! მე დავბრუნდები, კვლავ დავბრუნდები..." ვინ იცის,რამდენ ხანს იფარფატა უკანასკნელმა ფოთოლმა, ბოლო გაბრძოლება და ისევ დედამიწა, გუბე, წვრილი წვიმა და ნისლი, თითქოს საბნად რომ დაეფინა ოქროს ფოთოლს. აგერ მზემაც დაანათა, გაათბო იგი და ნაღვლიანი, ღონემიხდილი დაესვენა დედამიწის გულზე.


***

დადგა შემოდგომა, ყველაფერი ყვითლად შეიმოსა… სამწუხაროა, რომ ამ ყოველივეთი ვერ ვისიამოვნე და სამწუხაროა ისიც, რომ ვერც ადრე ვამჩნევდი და ახლა დავაფასე. ცხოვრება პატარა ფოთოლს წააგავს, არავინ იცის, როდის ჩამოვარდება და რა ემოციას გამოიწვევს ჩვენში.  რა უბედურებას დაატრიალებს ან როგორ გაგვახარებს. გავიდა დრო, ის ფოთოლი ნეშომპალად იქცა. ჩვენი ტყუილად დაკარგული დროც წარსულს ჩაბარდა. თითქოს ბევრი რამ გამოვტოვე, მაგრამ უამრავი იდეა გამიჩნდა, დავფიქრდი იმაზე, რაზეც აქამდე არ მიფიქრია და დავინახე ის, რასაც არასდროს შევამჩნევდი. უკვე ზამთარიც დადგა და ეს ყველაფერი ისე უცებ მოხდა გააზრებაც ვერ მოვასწარი. თუმცა ერთ რამეს ნამდვილად მივხვდი, სიცოცხლე ზედმეტად კარგი და ხანმოკლეა, ნუ დაველოდებით ფოთოლის ჩამოვარდნას , დავაფასოთ ჩვენი თავი, დავტკბეთ იმით, რაც გვაქვს და, რაც მთავარია, გვიყვარდეს ერთმანეთი.


***


ახლა უკვე დეკემბერია, შემოდგომის კვალი წესით აღარ უნდა იყოს, მაგრამ ქუჩები ისეა წითელ-ყვითელი ფოთლებით მორთული, როგორც არასდროს. თითქოს ეშინიათ, რომ ხალხს დაავიწყდება მათი არსებობის შესახებ და უნდათ ჭარბად მოხვდნენ ადამიანების თვალებში, თვალებიდან ცნობიერსა და ქვეცნობიერში.

დღეს უკვე 12 დეკემბერია და მიუხედავად იმისა, რომ ახალ წლამდე 2 კვირაა დარჩენილი, ქუთაისისთვის უჩვეულოდ ქალაქი უკვე მორთულია. გვერდს ვუვლი შენობებს, რომლებიც, ალბათ, დიდ ისტორიას ინახავენ... რამდენი სიხარული და სევდა უნახავთ ამ ჭადრებს... ვდგავარ შუა გზაზე და ვფიქრობ, თუ რამდენად უჩვეულო გახდა ადამიანისთვის საღამოს ქუჩებში სეირნობა. როცა წარმოვიდგენ, როგორი იქნებოდა ეს წამი ერთი წლის წინ, ეს სახეზე ღიმილს მგვრის, ოღონდაც სევდიან ღიმილს... ალბათ, ეს ფოთლებიც ნატრობენ ძველ 12 დეკემბერს. წარმოიდგინეთ, რა კარგი იქნებოდა მათ ადგილას ყოფნა, როცა ხედავ, როგორ მორბის გახარებული ბავშვი სკოლიდან, რომ დედას მოუყვეს, რა გააკეთა კარგი დღეს, ან იმ ადამიანების ყურება, რომელთაც სმსახურში აგვიანდებათ, შეყვარებული წყვილების, წვრილმანებით გაბედნიერებული ადამიანების, ან თუნდაც გაბრაზებული ბავშვის, რომელიც “დიდებმა” არ ათამაშეს თავიანთ “დიდურ” თამაშში. ყველაფერი ეს კარგი შესახედი იყო, მაგრამ ახლა გონებით ისევ იმ ადგილზე უნდა დავბრუნდე, სადაც სიარული შევაჩერე და გავაგრძელო სვლა სულ სხვანაირად დასევდიანებულ ქალაქში. არასდროს მიფიქრია, რას გრძნობდნენ ფოთლები მაშინ, როცა აჩქარებით მოსიარულე არც კი ვაკვირდებოდი, ვაბიჯებდი თუ არა მათ, სახლში მივიჩქაროდი, რომ კალენდარში კიდევ ერთი დღე გადამეხაზა და ის ფაქტი, რომ ზამთარი მალე დადგებოდა, კიდევ უფრო ბედნიერს მხდიდა. ახლა ყველაფერი სხვაგვარადაა. ყვითელი ფოთლები, რომლებიც სიჩუმეს ჰგავდა, ახლა ყველაზე მეტად ხმაურობენ.

დღეს უკვე 12 დეკემბერია, საღამოს 7 საათი, საუკეთესო დრო, დღე და ამინდი, ზუსტად დაემთხვა ერთმანეთს, ამიტომაც დავდივარ “მორთულ” ქუჩებში და თან ფრთხილად, ძალიან ფრთხილად მივაბიჯებ. მეშინია... მეშინია, რომ ბუნება გამიწყრება, რადგან ზამთარს ასე მოუთმენლად ველოდები, ამიტომ ძირს უკვე აღარ ვიყურები, ფოთლებს თვალს ვარიდებ. ვუყურებ ჩამქვრალ ნათურებს, რომლებმაც წესით, საახალწლო განწყობა უნდა შემოიტანონ ჩემში, მაგრამ იმედგაცრუებულს, ისევ ფოთლებზე გადმომაქვს მზერა...


***

-გრუტ, რას აკეთებ! - ხმაურიანად შემოაღო სახლის კარი და ...

შემოდგომის ცივი საღამოა, ძალიან ცივი. მარტო ვარ სახლში შეყუჟული, როგორც ჩემი ოთახის ფანჯრის წინ ბეღურები, ნახევრადშიშველი ხის ერთ ტოტზე. მზე დაიკარგა, ღრუბლებმა ჩვენი დრო დადგაო. აწ უკვე, ყვითელმა ფოთლებმა, ჩვენ მაინც გამოვანათოთო და მართლაც, კაშკაშა ვარსკვლავებივით ახალისებენ ნაცრისფერ სამყაროს, სანამ ფიფქები არ აიღებენ ამ საქმეს საკუთარ თავზე .

მე... მე უკვე ვიცი, რას ნიშნავს ეს ჩემთვის. ჩემთვის ეს ნიშნავს ყვითელ ფოთლებს, როგორც ჩემს თავს სხვადასხვა, მათსავით თვალისმომჭრელ სამყაროში, სამყაროში, სადაც ყველაფერი ხდება, ცუდიცა და კარგიც.

გონება, როგორც საყდრისი ოქროს,

აფრქვევს აზრებს და აჩერებს წამებს,

აჩერებს წამებს და სანამ დრო გაქვს

უნდა აიღო სუფთა ფურცელი,

რომ დაუტოვო სამყაროს წამი,

როგორც ბებიის ნაქსოვი წინდა

ჩვილის გასათბობ პატარა ფეხებს.

... ხმაურიანად შემოაღო კარი და ვუპასუხე:

 -საყვარელ საქმეს...

შემოდგომის ცივ და სუსხიან ღამეს ვიღაც განწყობას ელის ბედნიერებისთვის, ვიღაც კი ბედნიერებას სუსხშიც ჰპოვებს.


სიცოცხლის საიდუმლო

გაზაფხული ყველანაირი სიცოცხლის დასაწყისად ითვლება. სწორედ ამ დროს მოევლინა ქვეყანას ბებერი მუხის ფოთოლი. ზოგადად ფოთლებს ცხოვრებაში ერთადერთი მიზანი მიზანი აქვთ, მთელი თავიანთი სიცოცხლის განმავლობაში ისინი ჩამოსავარდნად და ახლებისთვის ადგილის დასათმობად ემზადებიან. ასე განვლო გაზაფხული და ზაფხული ჩვენმა ფოთოლმაც. შემოდგომის მოსვლიდან ხანმოკლე პერიოდში ხეს მოწყდა, ნაზად ჩამოფარფატდა და სველ ნიადაგს დაეცა. მან თვალები დახუჭა და მშვიდ ძილს მიეცა.

რამდენიმე დღის შემდეგ ფოთოლმა თვალები გაახილა, თუმცა რაღა ფოთოლმა, ჭიაყელამ. დიახ,ჩვენი გმირი ჭიაყელად გადაქცეულიყო. ფოთლობის პერიოდში შორიდან ბევრი ჭიაყელა ენახა. უნდოდა მათსავით შესძლებოდა სიარული და სამყაროს ნახვა. ეს ოცნება აუხდა, თუმცა მისი სიხარული ხანმოკლე აღმოჩნდა. მის საუბედუროდ მეთევზეს სატყუარა გამოლეოდა და ახლა ტყეში დადიოდა ჭიაყელების საძებნელად. ეს ტრაგიკული ბედი ეწია ჩვენს გმირსაც.

გავიდა რამდენიმე კვირა. ახლა ჩვენი ჭიაყელა სამყაროს თევზის სახით მოევლინა. ბევრს დაცურავდა, სხვა თევზებს ეცნობოდა, სამყაროს შეიცნობდა... ამჯერად მისი  სიცოცხლე შედარებით გრძელი აღმოჩნდა, მაგრამ მდინარის ახლომახლო ერთმა არწივმა დაიდო ბუდე. მას ძალიან უყვარდა თევზებზე ნადირობა. ბევრი ჩვენი გმირის მეგობარი შეიწირა არწივმა. თევზს არ უნდოდა მეგობრების ბედის გაზიარება, მაგრამ ისიც არწივის კლანჭებში აღმოჩნდა.

გავიდა რამდენიმე თვე. ჩვენმა გმირმა კვლავ გაახილა თვალები, გარშემო მიმოიხედა და თავი არწივის ბუდეში ამოყო. ის ამჟამად ცხოველთა მეფედ, არწივად გარდაისახა. მან ფრთები აათამაშა და ცაში აფრინდა. ასეთი დიდი ტერიტორია აქამდე არასოდეს ენახა, ამიტომ გადაწყვიტა გამოეყენებინა ეს შანსი და სამყარო მოეარა. ბევრი რამ ნახა არწივმა თავისი დიდი სიცოცხლის განმავლობაში. როცა ძალიან დაბერდა, ერთ ტყეში, რბილ ნიადაგზე მიწვა და თვალები მილულა.

ჩვენმა გმირმა ისევ გაახილა თვალები. გამოძრავება სცადა, თუმცა ეს არ გამოუვიდა. ის ისევ ნორჩ, მწვანე ფოთლად გადაქცეულიყო, რომელიც მუხის კენწეროდან დაჰყურებდა სამყაროს. უკვე ბუნდოვნად ახსოვდა თავისი წინა თავგადასავლები. იქნებ ეს ყველაფერი არც კი მომხდარა? იქნებ ყველაფერი სიზმარი იყო? ამ პასუხგაუცემელი კითხვებით განაგრძო თავისი, ჩვეულებრივი ფოთლური ცხოვრება.


***

 კარგია ცხოვრება, ეს არის ყველაზე სახალისო, უცნაური, საოცარი რამ სამყაროში. აქ ულიმიტო შესაძლებლობებია, საინტერესოა თუ როგორ  განვვითარებით, რას აღმოვაჩენთ ახალს, როგორ მაგარ რამეებს გამოვიგონებთ შემდეგში. მაგრამ გვავიწყდება, რომ ხანდახან, უნდა მოვეწყოთ კომფორტულად  და ვიფიქროთ, რას ნიშნავს, რომ ცოცხალნი ვართ, რა არის ხალისი, რა არის ჩვენი მიზანი.

ადამიანი, რომელიც სწავლობს თავისი მომავლისათვის, ადამიანი რომელიც ცხოვრობს იმ მომავლისთვის და კიდევ  წინ მიიწევს, ადამიანი, რომლის ოცნებები აღემატება ამ რეალობის ფარგლებს...

ყველას აქვთ რაღაც მიზანი, ზოგი ადვილად მისაღწევი, ზოგიც შეუძლებელი, სწორედ ამას ეწოდება ცხოვრება...ცხოვრება არის ბევრი ბევრი მიზნის დასახვა და წინ დიდი თუ პატარა ნაბიჯების გადადგმა.

თითქოს გემზე ხარ და მიცურავ მზისკენ, ყოველთვის რჩები მზის თბილ, ყვითელ სხივებში და ხარ ბედნიერი. სიბნელეს უკან იტოვებ.

თუ გემის სიჩქარე შეანელე, მზეს უფრო და უფრო დაშორდები, სანამ არ გაქრებიან მთლიანად ეს ნათელი სხივები და წყვდიადში არ დაიკარგები. ამიტომ არ უნდა შეანელო ხომალდი და განაგრძო წინსვლა. შეიძლება იცოდე, რომ მზეს ვერასდროს მიაღწევ, აცნობიერებდე, რომ შენი ოცნებები მიუღწეველია, მაგრამ სანამ წინდაწინ მიიწევ, სანამ ხარ ნათელში, ბედნიერი იქნები თუ მოწყენილი, ცხოვრების აზრი არ დაგეკარგება.

ევოლუცია და წინსვლა, ამ ორმა რაღაცამ მოგვიყვანა ჩვენ აქამდე.

ჩვენი ხომალდი არის ცნობისმოყვარეობა, სურვილი ყველაფრის ცოდნისა და ყველაფრის ფლობისაა, ძრავა, რომელიც გვამოძრავებს კი ევოლუციაა.  ხოლო ჩვენი მიზანი არის ამოუცნობი, ჯერ არ შეგვისწავლია, რისთვის გავჩნდით, რატომ ვართ აქ. სწორედ ესაა საინტერესოც, არ იცი, რა მოხდება, როცა ის დამთავრდება, ამიტომ არ ფიქრობ ამაზე. ისახავ მიზნებს, აღწევ ამ მიზნებს, ისახავ სხვა მიზნებს, რჩები ყვითელ სხივებში, ხარ ბედნიერი. 

თუ ოდესმე ნავის მართვა გაძნელება და შენელდება წინსვლა, დაიმახსოვრეთ, რომ არ ხართ მარტო, არის ვინმე, ვისაც თქვენი სჯერა, თუნდაც უცხო იყოს... თქვენ მარტო არ ხართ, ისინი დაგეხმარებიან სიბნელიდან ამოსვლაში. თუ უკან დარჩები, თანდათან ცხოვრებას აზრი აღარ ექნება, დადგება მომენტი, როცა წინსვლა შეუძლებელი იქნება... ამიტომ უნდა დარჩე ნათელში, დაისახო მიზნები, გქონდეს ოცნებები.

მოვა დრო, როცა ვეღარ მართავ ნავს, ნუ ღელავ, შენი საყვარელი ადამიანები, შვილები, შვილიშვილები გააგრძელებენ გემბანზე ყოფნას, შენ შეგიძლია დაისვენო, ამდენი შრომის შემდეგ საბოლოოდ დახუჭავ თვალებს და დაიძინებ სამარადისო ღიმილით.

შენ ეს შეძელი, შენ ნათელში დარჩენა შეძელი...


***

ყველაფერი გაყვითლდა ირგვლივ, შემოდგომაა, ბუნებამ ყვითელი სამოსი მოისხა და თითქოს არაფერიო, ისე დასცვივდა ხეებს ფოთლები... ყველაფერს ერთი ფერი აქვს, ერთი სუნი და ერთი იერი, სიყვითლემ მოიცვა არემარე და ბუნება განთავისუფლდა ზედმეტი მხურვალებისგან. რაღაც ახალი დაიწყო, ყველაფერს ერთი ფერი აქვს, ქუჩაში ფოთლები გეხებიან ფეხებზე, უამრავი ასეთი ფოთოლი, რომლებსაც თითქოს უხარიათ ფეხზე ამბორი. ერთფეროვანია ირგვლივ სამყარო, მეც რაღაც ახლის მოლოდინში ვარ, რაღაც ახალი უნდა დაიწყოს, ძველზე უფრო ლამაზი და უფრო ნათელი, იმედის მომცემი... იმედი მაქვს, გამოიდარებს ჩემს ცხოვრებაშიც ისე, როგორც ბუნებაში.   

  

***

ნეკერჩხალმა უჩურჩულა ალვას თავის დობილს:

" მიმატოვეს ფოთლებმაო, ჩანს ზამთარი მოდის".

ალვამ მძიმედ ჩაიფერთხა ოქროსფერი კალთა,

გიორგობის თვე მოსულა აგერ უკვე კართან

შესცივდებათ ყვითელ ფოთლებს,

ალბათ მალე მოთოვს,

მეც შენსავით ვერ ველევი უკანასკნელ ფოთოლს.


***

- რატომ? -მკითხა მან - რატომ უკეთებ ამას შენს თავს, რატომ ამბობ უარს სიცოცხლეზე?!

ფოთოლის ჩამოვარდნამდე დარჩენილია 60 წამი;

- რატომ? - შევიცხადე მე - ოჰ, მეგონა, რომ შენ მაინც გამიგებდი, მაგრამ შენც ზუსტად მათნაირი ხარ, შენი თავის გარდა არავინ და არაფერი არ გადარდებს.

- მაგრამ, რატომ?- გაიმეორა მან.

50 წამი

რატომ? ალბათ, იმიტომ რომ ამ სამყაროში ჰომოსაპიენსებმაც ვერ ჩაახშეს პრიმატები თავიანთ გონებაში, ალბათ, იმიტომ, რომ ჯერ კიდევ  სიმართლის თქმისთვის კაცს დაუფიქრებლად გაასამართლებენ და ჩაქოლავენ.

40 წამი

ალბათ, იმიტომ რომ სიყვარულის გრძნობა აღარ შერჩა ადამიანს და იგი მხოლოდ სიტყვაა მისთვის. ადამიანის ყინულივით გულს ერთგვარი სიყვარული შეუძლია მხოლოდ, საკუთარი თავის.

30 წამი

ალბათ, იმიტომ რომ ჯერ კიდევ ვერ შეიგნო ადამიანმა, რომ გარეგნობა გასაკიცხი არ არის, ალბათ, იმიტომ რომ ჯერ კიდევ არ დახოცილან  ადამიანები, რომლებსაც მონობა სწორი ჰგონიათ. ალბათ, იმიტომ რომ მას ჰგონია, რომ მისი სტომაქი სხვისი შრომით უნდა „გაძღეს“.

20 წამი

ალბათ, იმიტომ რომ ადამიანებს სიკეთის გრძნობა დაუკარგავთ. მათთვის იგი არაფერს აღარ წარმოადგენს. ისინი სიკეთის გაკეთების საჭიროებას მხოლოდ მაყურებლების წინაშე გრძნობენ და ეს სულელი მაყურებელი ტაშს უკრავს მათ.

10 წამი

ალბათ, იმიტომ რომ ადამიანს იუმორი სხვისთვის შეურაცხყოფის მიყენება ჰგონია. ალბათ, იმიტომ რომ იგი არ ფიქრობს, რა შეიძლება მოჰყვეს მის თითოეულ წინადადებას, სიტყვას, ასოს. ალბათ, იმიტომ რომ ბევრს გართობა საკუთარი თავის თუ ოჯახის გაჭირვება ჰგონია. ერთადერთი გრძნობა, რომელიც მას არ დაუკარგავს, სიხარულია.

ასე სიხარულით ვარდებოდა ფოთოლი, სანამ ყველაფერი არ გაშავდა, არ გაჩუმდა, არ მიწყნარდა...

***

ფოᲗოლი პატარა,სუსტი და 
ნაზი
დამალვას ცდილობს
ქარისგან სახლᲨი,
ფინიამ დაუწყო ᲗამაᲨი
მაᲨინ,
როცა ბებია გავიდა კარᲨი...

ზაფხულის მერე

ვიზრდები, კიდევ ვიზრდები, მერე სხვას ვზრდი.... მოდის ზაფხული და ვმცირდებით, ვმცირდებით და ბოლოს მეც ჩამოვალ დაბლა და ვუცდი, როდის გადამაგდებენ. ეს არის ყველას საბოლოო წერტილი. ყოველთვის მიფიქრია იმაზე, რომ იქნებ არ ჩამოვვარდნილიყავი და დავლოდებოდი გაზაფხულს, მაგრამ არა... გაზაფხულზე ჩემს ადგილას გამწვანებული სხვა ფოთოლი ამოვა იმავე მომავლით. ასეთი  მოკლეა ჩვენი ცხოვრება, მაგრამ  ბევრი რამის ნახვას  ვასწრებთ, რაც სხვას არავის უნახავს ან ოცნებობს, რომ ნახოს, მაგრამ მაინც სრულდება ყველაფერი მიწაზე...

***

შემოდგომა მთავრდება.  ზამთრის სუსხიანი დღეები დგება. უკანასკნელი ფოთლებიც კი ცვივა ხეებიდან.  გზაზე ორი გოგო მისეირნობს.
-ფრთხილად, ფოთოლს  ფეხი არ დაადგა!- ეუბნება ლიზი თავის დაიკოს.
-რატომ?
-ის ხომ მარტოსულად გრძობდა ხის ტოტზე თავს და ამიტომ ჩამოვარდა...
-ამიტომ, რატომ?-ეკითხება პატარა დაიკოს უფროსს.
-იმიტომ, რომ ჩვენ შევამჩნიოთ,მოვეფეროთ და მარტოობა არ ვაგრძნობინოთ. 
-ვერაფერი ვერ გავიგე.-ეუბნება პატარა. 
ამ დროს კი ლიზიმ ფოთოლი ხელში აიღო, ხელისგულებზე მოთავსებულს გაოგნებული დასცქეროდა და გაიფიქრა, რომ შინ წაეღო, მარტო არ დაეტოვებინა და ასეც მოიქცა. 
უფროსმა დამ პატარას სთხოვა ფოთოლი აეღო ხელში და აუხსნა: -გასაჭირში არავინ არ უნდა მიატოვო!

***
შემოდგომის კიდევ ერთი საღამოა. ისეთი, ნოემბერს რომ შეშვენის-წვიმის სურნელით აღსავსე და გაყვითლებული. ისეთია, უნებლიეთ რომ ჩაგაფიქრებს და სევდას მოგგვრის. ეს სევდა ჯერ გულს რომ აგივსებს და მერე მთელ სხეულს მოედება. სიცარიელეს რომ იგრძნობ და უნებლიეთ შეგცივდება. მერე არემარეს თვალს რომ მოავლებ, მტრედებს დაინახავ, უდარდელად რომ დაფრინავენ, თითქმის მთლიანად გაშიშვლებულ ხეებს შეხედავ, დაინახავ, როგორ იკლავენ ფოთლები თავს და მიწას ეფინებიან, როგორ გადაიფარა დედამიწამ ყვითელი ზეწარი და ნელ-ნელა დასაძინებლად როგორ ემზადება. ყურში ფეხქვეშ გაფენილი ფოთლების ხმა ჩაგესმის და მშვიდდები. უცაბედად არსაიდან მოსული სითბოთი ივსები და გეღიმება. გეღიმება, რადგან შემოდგომა წლის უჩვეულო დროა - სევდიანია, მაგრამ ლამაზი.



წყარო: https://www.pinterest.com/pin/455567318527191398/

Tuesday, November 10, 2020

მოსალოცთათვის!

 გურამ დოჩანაშვილი

კაცი, რომელსაც ლიტერატურა ძლიერ უყვარდა


* * *
- ბედნიერი კაცი ყოფილხართ!
- რატომ?
- რატომ და წინ ისეთი დიდი ბედნიერება გელით, მე კი ეს ბედნიერება უკვე განვლილი მაქვს. ეეჰ...
- რა ბედნიერება?
- პირველად წაკითხვის.


მაშ, ასე - ჩემი მოსწავლეები გირჩევენ, წაიკითხოთ  💓👇: 

ამ ზაფხულს 39 წიგნი წავიკითხე. ერთი შეხედვით, ძალიან ბევრია, თუმცა მათი უმეტესობა პატარა წიგნებია. როცა ამ დავალების შესახებ გავიგე, ეგრევე გავიფიქრე, რომ ამ წიგნებიდან ერთს ვერ გამოვყოფდი. ამიტომ, რამდენიმე წიგნზე გესაუბრებით, რაც შეიძლება მოკლედ.

            იმ წიგნს, რომელმაც ყველაზე მეტად მოახდინა ჩემზე შთაბეჭდილება, ბოლოსთვის მოვიტოვებ.  დავიწყოთ ენიდ ბლაიტონის სერიით. ენიდ ბლაიტონი ბრიტანელი მწერალია, რომელსაც არაერთი საბავშვო, სათავგადასავლო წიგნების სერია ეკუთვნის. მე მისი ყველაზე ცნობილი წიგნების სერია - „ცნობილი ხუთეული“ წავიკითხე. სერიაში ათზე მეტი წიგნია, ქართულად უკვე ცხრა წიგნია ნათარგმნი, მე კი რვა მათგანი წავიკითხე. ჯულიენის, ენის, დიკის, ჯორჯის და ძაღლის - ტიმოთის ისტორია ჩემთვის ძალიან ჩამთრევი აღმოჩნდა. ისინი ყოველთვის ხიფათში ეხვევიან, ველოტურისკენ მიმავალ გზაზეც კი.

            ძალიან მომეწონა მოგზაურებისა და მწერლების წიგნები: „გემი-მოჩვენება“ და „ზღვის მძარცველები“. ეს წიგნი მათთვისაა, ვისაც უყვარს მოგზაურობა, მისტიკა და თავგადასავალი. „ზღვის მძარცველები“, ჩემი აზრით, ამ ჟანრში საუკეთესო წიგნია. კითხვის პროცესში თავს მთავარი პერსონაჟის ადგილას წარმოვიდგენდი, რაც კითხვას უფრო სასიამოვნოს ხდიდა.

            აგრეთვე ძალიან ვიყავი ჩართული მარიო პიუზოს „ნათლიას“ კითხვაში. მას ნინო როტას უკვდავი „საუნდტრეკის“ ფონზე ვკითხულობდი, რაც მთლიანად კორლეონეების სამყაროში მამოგზაურებდა.

            ძალიან საინტერესო იყო „პრესტიჟიც“, რომელზეც დაფუძნებულია ამავე სახელწოდების ძალიან ცნობილი ფილმი. წიგნში მოცემულია ორი საუკეთესო ილუზიონისტის დაპირისპირება, ხოლო ამაზე უფრო მეტს ამ ბლოგიდან შეიტყობთ ❤️

წიგნი პოსტაპოკალიფსურ სამყაროზე - „მე ვარ ლეგენდა“ ერთ დღეში დავასრულე. მიუხედავად იმისა, რომ ამ ჟანრის წიგნები არ მიზიდავს ( ზომბები/შმომბები 😂😂😂🤣🤣 ), ეს წიგნი ზაფხულში წაკითხული წიგნებიდან ერთ-ერთი საუკეთესოა.

დიდად არც სამეცნიერო ფანტასტიკა მომწონს, თუმცა  „მაიმუნების პლანეტაც" ჩემთვის ძალიან ჩამთრევი იყო, ისიც სულ რაღაც ორ დღეში დავასრულე. ძალიან მოულოდნელი იყო მისი დასასრული, რამაც კიდევ უფრო აღმაფრთოვანა.

 „სატახტოთა თამაშის“ წაკითხვა დიდი ხანია მინდოდა და წიგნის ონლაინ ფესტივალზე შევიძინე. მიუხედავად იმისა, რომ საკმაოდ სქელტანიანი წიგნია, დაახლოებით ერთ კვირაში წავიკითხე. ლანისტერების და სტარკების დაძაბული ბრძოლა ძალიან საინტერესოა. წიგნის ონლაინ ფესტივალზე, რომელიც 25-27 სექტემბერს იმართება, ვაპირებ მისი ყველა ნაწილი ვიყიდო ( მათ განხილვას ბლოგზე იხილავთ  ❤️ )

ჩემი ერთ-ერთი საუკეთესო მწერლის - აგატა კრისტის წიგნმა - „ლორდი ეჯვერის სიკვდილმა“ მოლოდინები გაამართლა. წიგნი ისეთია, როგორიც პუაროს და ზოგადად აგატას ეკადრება 🙂😎

„მეცხრე ფლიგელი“ ქართველი მწერლის - თეა ინასარიძის დეტექტიური, მისტიკური ჟანრის წიგნია. შეიძლება ბევრმა არ იცით ამ მწერლის შესახებ, თუმცა ჩემთვის ამ ჟანრში ერთ-ერთი საუკეთესოა ( ვიტყოდი, რომ ის ქართველი აგატა კრისტია 😄🥰 )

დაბოლოს.. „ფენიქსი“... პროექტი, რომელმაც ჩემში უდიდესი აღტაცება გამოიწვია. ალბათ გაიგებდით მის შესახებ, ბოლოს და ბოლოს იმდენჯერ გავაზიარე... 😅😅  „ფენიქსში“ ოთხი ავტორი: თეა ინასარიძე, ელის დოჯსონი, ნიკოლას მაჩაბელი და ტორესა მოსი იყო. თქვენ შეგიძლიათ რვა განსხვავებული დასასრულიდან ის აირჩიოთ, რომელიც უფრო გაინტერესებთ. მე პირადად თხუთმეტივე წიგნი, რვავე დასასრული წავიკითხე, რვავე ძალიან საინტერესო იყო. 🥰😍 ამ წიგნის შთაბეჭდილებებს თავად ავტორს - თეა ინასარიძეს ( რომელიც ჩემთვის საუკეთესო ქართველი მწერალია ) ვწერდი.

P.S: სხვათაშორის, მან მითხრა, რომ ფენიქსის საუკეთესო ფანი ვარ 😏😏

აი, ეს იყო წიგნები რომლითაც ეს ზაფხული გავატარე. ამასობაში ბევრი წასაკითხი წიგნიც დამიგროვდა ( 40-მდე ), წიგნის ონლაინ ფესტივალზე კიდევ 25-მდე წიგნის გამოწერას ვაპირებ. მოკლედ, გირჩევთ ეს წიგნები წაიკითხოთ, ხოლო ცოტა ხანში ჩემი საუკეთესო წიგნების შესახებ ბლოგიდან შეიტყობთ. 💪❤️

დროებით 😁❤️

აკაკი დვალიშვილი


კრისტოფერ პრისტი - "პრესტიჟი"
 
           კრისტოფერ პრისტი ბრიტანელი მწერალია, რომელიც 1943 წელს დაიბადა. წერა სკოლის დამთავრებისთანავე დაიწყო. მის კალამს თერთმეტი რომანი, მოთხრობების ოთხი კრებული და რამდენიმე კინოსცენარი ეკუთვნის. აღსანიშნავია, რომ ის ჰერბერტ უელსის საზოგადოების ვიცე-პრეზიდენტია. განსაკუთრებული აღიარება მოუტანა რომანმა “პრესტიჟი”. მოგვიანებით რეჟისორმა კრისტოფერ ნოლანმა ამავე სახელწოდების ფილმიც გამოუშვა, სადაც მთავარ როლებში ჰიუ ჯეკმენი და კრისტიან ბეილი არიან. გადავიდეთ უშუალოდ წიგნის შინაარსზე. წიგნი მოგვითხრობს ორი პროფესიონალი ილუზიონისტის - რუპერტ ენჯერისა და ალფრედ ბორდენის დაპირისპირების ისტორიას. რომანი ოთხ ძირითად ნაწილადაა დაყოფილი ( მეხუთე ნაწილი მოკლეა და უბრალოდ შეჯამებას წარმოადგენს), თითოეულს კი ოთხი სხვადასხვა პერსონაჟი მოგვითხრობს ( მათ შორის, თავად ალფრედ ბორდენი და რუპერტ ენჯერი). მოვლენები ძალიან საინტერესოდ ვითარდება. ენჯერი ყოველთვის ცდილობს დაამტკიცოს, რომ ალფრედზე უკეთესი ილუზიონისტია და პირიქით. მათი დაპირისპირება არამხოლოდ სცენაზე ვრცელდება, არამედ ისინი ხშირად იყენებდნენ უხეშ ხერხებსაც, რათა დაამარცხონ მეტოქე ( ამ მხრივ განსაკუთრებით ბორდენი, მეტსახელად “მაგიის პროფესორი” გამოირჩეოდა. აქვე აღვნიშნავ, რომ რუპერტ ენჯერის სასცენო სახელი “დიადი დანტონი” იყო). რადგანაც ისინი მუდმივ ბრძოლაში არიან, თავისთავად უწევთ ახალი ტრიუკები გამოიგონონ, რათა ხალხი მოხიბლონ და უპირატესობა გამოავლინონ მოწინააღმდეგესთან. ამას “მაგიის პროფესორი” დაიწყებს. მას თავიდანვე ჰქონდა მაგია, სახელად “ადამიანის ტრანსპორტაცია”. მას ფაქტობრივად მთლიანი კარიერის განმავლობაში იყენებდა, თუმცა დროდადრო ხვეწდა, საბოლოოდ კი მიიღო შედეგი და ტრიუკს სახელი შეუცვალა – “ადამიანის ახალი ტრანსპორტაცია”, რომელიც ფოკუსის თავდაპირველ ფორმასთან შედარებით ძალიან შეცვლილი და გაუმჯობესებულია. ხალხი აღტაცებით ხვდება მაგიას. ენჯერის საუკეთესო ფანებიც კი აღნიშნავენ, რომ მსგავსი რამ არცერთ ილუზიონისტთან არ უნახავთ და ალფრედს პირველობას ანიჭებენ. რუპერტს თავისთავად შურს, უკვირს, ვერ ხვდება, როგორ აკეთებს ამ ტრიუკს ალფრედი. შურისძიების სურვილი აქვს, უნდა, რომ ჩასწვდეს მის არსს და თავადაც დადგას მსგავსი შოუ. გაზეთებიდან იტყობს ცნობილი მეცნიერის, ნიკოლა ტესლას შესახებ და ფიქრობს, რომ ნიკოლას შეუძლია დაეხმაროს მსგავსი ტრიუკის მომზადებაში.  შინაარსზე მეტს აღარ დავწერ, სჯობს, თავად იხილოთ. გადავიდეთ შეფასებაზე. განსაკუთრებით მომეწონა წიგნის მეოთხე ნაწილი, რომელსაც რუპერტ ენჯერი ჰყვება. ეს ნაწილი სხვებისგან სიდიდით გამოირჩევა, მაგრამ ასევე ერთი საინტერესო განსხვავებაც აქვს. მეოთხე ნაწილი წარმოდგენილია რუპერტ ენჯერის დღიურის სახით. პირველი ჩანაწერი, რომელიც 1866 წლის 21 სექტემბრიდან იწყება ( დღე, როცა ენჯერს სულ რაღაც 9 წელი შეუსრულდა. ) და სრულდება 1904 წლის 8 ივლისით. რუპერტ ენჯერი ჩემთვის წიგნის საუკეთესო პერსონაჟიცაა. მისი კარიერა ძალიან ცუდად დაიწყო, შემოსავალსაც ვერ იღებდა. “დიად დანტონს” პირველივე ფოკუსი ჩაეშალა, რის შემდეგაც ინერვიულა, საბოლოოდ ამან გამოსვლაზეც იქონია გავლენა. ამის გამო დაპირებული ჰონორარის ნახევარი დაუქვითეს. დღიურიდან ვიტყობთ, რომ შემდეგ დღეს უკვე მეფოკუსის კარიერაზე თავის დანებებაც გადაწყვიტა. (აქვე მოგიწოდებთ, რომ არასოდეს დანებდეთ! ჩვენ უნდა მოვინდომოთ, ვიწვალოთ, გავაკეთოთ ჩვენი მაქსიმუმი და აუცილებლად მივაღწევთ სასურველ შედეგს. ამის დასამტკიცებლად საკმაოდ ბევრი მაგალითის მოყვანა შეიძლება, მაგრამ რადგან დღეს “პრესტიჟს” განვიხილავთ, მისი ერთ-ერთი მთავარი პერსონაჟი – რუპერტ ენჯერი ავიღოთ. მან კარიერა ცუდად დაიწყო, თუმცა საკუთარ თავზე იმუშავა და მომავალში მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო ილუზიონისტიც გახდა.) მისი კარიერის პირველი წლის ( 1877წ. ) საერთო შემოსავალი იყო 5 შილინგი და 3 პენსი. ასე გრძელდებოდა რამდენიმე წელიწადი, მაგრამ, როგორც ხედავთ, მას გამოუვიდა და პროფესიონალი ილუზიონისტი გახდა. რაც შეეხება ზოგადად წიგნს, ძალიან საინტერესო იყო. რომანმა ასევე დამაინტერესა ილუზიონისტების ცხოვრების შესახებ და ზოგადად ამ პროფესიაზე ( თუმცა ჩემი პროფესია უკვე არჩეული მაქვს ). როგორც უკვე აღვნიშნე, მოვლენები საინტერესოდ ვითარდება, უფრო და უფრო გითრევს და შენც გიტაცებს, თითქოს ესწრებოდე ორი ილუზიონისტის დაპირისპირებას. გირჩევთ, წაიკითხოთ “პრესტიჟი”, განსაკუთრებით მაშინ, თუ მისტიკური ამბები გიზიდავთ.

ფრედერიკ მარიეტი  "გემი-მოჩვენება"

         ფრედერიკ მარიეტი ბავშვობიდან ოცნებობდა მეზღვაურობაზე.14 წლის ასაკში ფლოტის წევრი გახდა. მას ძალიან ბევრ საზღვაო ექსპედიციაში აქვს მონაწილეობა მიღებული და მრავალი ადამიანის სიცოცხლეც გადაურჩენია. მისი ერთ-ერთი გამორჩეული ნაწარმოებია “გემი-მოჩვენება”. ის პირველად 1839 წელს გამოიცა. რადგანაც ფრედერიკ მარიეტი თავად მეზღვაური იყო, ლოგიკურად, მის მიერ შედგენილი საზღვაო წიგნი ორმაგად საინტერესო იქნება. მისი წაკითხვის შემდეგ კი ამაში დარწმუნდებით. ეს ნაწარმოები სამ დღეში დავასრულე. ვფიქრობ, უფრო დაგაინტერესებთ, თუ წიგნის დასაწყისზე გესაუბრებით. ქალაქ ტურზონში, ერთ კოხტა სახლში, ცხოვრობდა ოციოდე წლის ბიჭი – ფილიპ ვანდერდეკენი. მან გადაწყვიტა საზღვაო ცხოვრება დაეწყო, რადგან ამაში ბიძამისი კარგ გასამრჯელოს ჰპირდებოდა. ფილიპის დედა ძალიან შიშობს, არ უნდა შვილი დიდ ზღვაში გაუშვას, ამის მიზეზს კი არ ამბობს. საბოლოოდ, ფილიპი გებულობს, რომ მამამისი დაღუპული არ არის, მაგრამ ადევს წყევლა. მამამისი იმყოფება დაწყევლილ გემზე - გემ-მოჩვენებაზე”. ეს არის გემი, რომელთან შემხვედრი გემიც აუცილებლად იღუპება. ფილიპი დებს ფიცს, რომ აუცილებლად ნახავს მამას და გადაარჩენს მას. რა თქმა უნდა, ეს ძალიან რთულია, ათას ფათერაკს გადაეყრება ეს ახალგაზრდა, გემზე გაიჩენს მოსისხლე მტერს – კაპიტან შრიფტენს, რომელიც ჩემთვის ყველაზე საძულველი პერსონაჟია. თავისთავად, საუკეთესო პერსონაჟი, მთავარი გმირი, ფილიპია. წიგნში ძალიან კარგი სასიყვარული ისტორიაცაა, ფილიპსა და ერთი ექიმის ქალიშვილს – ამინას შორის. როდესაც ვანდერდეკენმა თვალი მოკრა ამინას, პირველივე დანახვაზე შეუყვარდა, ხოლო მომავალში ცოლადაც შეირთო. ”გემი-მოჩვენება” ძალიან კარგი სათავგადასავლო წიგნია, თვალი ადევნეთ  ფილიპის შთამბეჭდავ მოგზაურობას და იმოგზაურეთ მასთან ერთად. 💜


ჯორჯ რეიმონდ რიჩარდ მარტინი - "სატახტოთა თამაში"

         ჯორჯ რეიმონდ რიჩარდ მარტინი ამერიკელი მწერალი და სცენარისტია ფენტეზის, საშინელებისა და სამეცნიერო ფანტასტიკის ჟანრებში. ის ბავშვობაშივე წერდა ისტორიებს მონსტრებზე და ძალიან მცირე თანხის სანაცვლოდ ყიდდა მეზობელ ბავშვებში. ჯორჯ მარტინი დაინტერესებული იყო მარველის კომიქსებით. მას განსაკუთრებული პოპულარობა მოუტანა წიგნების სერია “ყინულისა და ცეცხლის სიმღერამ". ეს რომანი  ტელეარხმა HBO-მ უფრო პუპულარული გახადა სერიალის “სამეფო კარის თამაშები” წყალობით. დღეს განვიხილავთ სერია “ყინულისა და ცეცხლის სიმღერის” პირველ წიგნს – “სატახტოთა თამაშს”. ეს წიგნი პირველად გამოიცა 1996 წლის პირველ აგვისტოს. მასში მოქმედება გამოგონილ სამყაროში – ვესტეროსში ხდება. მარტინს თავისებური წერის სტილი აქვს, რაც შემდგომში მდგომარეობს: ყოველი თავი დასათაურებულია იმ პერსონაჟის სახელით, ვის შესახებაც არის. ეს პერსონაჟები არიან: ედარდ, კეტლინ, ბრან, არია, სანსა სტარკები, ჯორჯ სნოუ, დენერის ტარგარიენი და ტირიონ ლანისტერი. მარტინი მოვლენებს იდეალურად აღწერს, რითაც სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით გითრევს... თავიდან ეს წიგნი დიდად არ მიზიდავდა, მაგრამ როგორც კი პირველი გვერდები გადავშალე, ძალიან დამაინტერესა და ჩემი საუკეთესო წიგნების სიაშიც შევიდა. შინაარსი ასეთია: ლორდი ჯონ ერინის გარდაცვალების შემდეგ, ვესტეროსის შვიდი სამეფოს მეფე - რობერტ ბარათეონი, თავის ბავშვობის მეგობარს – ედარდ ნედ სტარკს, ჩრდილოეთის ლორდს, ერინის თანამდებობაში დანიშნავს და ნედ სტარკი მეფის მარჯვენა გახდება. კიდევ უფრო დაახლოებისთვის, რობერტის ვაჟს – ჯოფრის და ნედის ასულს – სანსას ერთმანეთზე დანიშნავენ. პარალელურად ჯონ სნოუ, ნედ სტარკის ბუში ვაჟი, მოისურვებს წაჰყვეს ბიძას – ბენჯენს, ღამის ებგურში, კედლის დასაცავად. ტარგარიენების დინასტიის ერთ-ერთი ბოლო წევრი – დენერისი დაქორწინდება დოთრაკიელთა ლიდერზე – ხალ დროგოზე. სანაცვლოდ დოთრაკიელები პრინც ვისერისს ( დენერისის ძმას ) ჯარს აჩუქებენ. ვისერისს უნდა დაბრუნდეს ვესტეროსში და დაიპყროს რკინის ტახტი. ასეთი საინტერესო მოვლენები ვითარდება ვესტეროსში. სანამ დავასრულებ, მინდა ჩემთვის წიგნის საუკეთესო და ყველაზე ცუდი პერსონაჟი დავასახელო. ესენი არიან: ტირიონი და ჯოფრი. თუ რატომ არის ჯოფრი საძულველი პერსონაჟი, ამის ახსნას არ დავიწყებ. ვფიქრობ, მასზე ყველას ასეთი შთაბეჭდილება აქვს. რაც შეეხება ტირიონ ლანისტერს – ეს არის ჯუჯა, რომელსაც სხვებისგან გამორჩეული თვისებები ჰქონდა. ძალიან განათლებული იყო, დიდ დროს ატარებდა ბიბლიოთეკაში. გამოირჩევა ძალიან საინტერესო, დამაფიქრებელი ფრაზებით. ჩემთვის საუკეთესო ფრაზა ჯონ სნოუსთვის ნათქვამი ეს სიტყვებია: “არ დაივიწყო ვინ ხარ, თორემ მთელი დანარჩენი სამყარო დაგივიწყებს. ეს ცოდნა აბჯარივით ატარე და მას ვეღარავინ გამოიყენებს იმისთვის, რომ ტკივილი მოგაყენოს.” ასევე, ჩემთვის საუკეთესო პერსონაჟების სიაში ჯონ სნოუ და ნედ სტარკიც შედიან. მე სულმოუთქმელად ველი ამ სერიის მეორე წიგნის – “მეფეთა ჯახის” წაკითხვას, თქვენ კი პირველის წაკითხვას გირჩევთ.





ქრისტინე ბოჭორიშვილი

ჯერომ სელინჯერი- "თამაში ჭვავის ყანაში"

სტატიის მიზანია, გაგაცნოთ ჩემი ფავორიტი წიგნი, რომელიც ამ ზაფხულს წავიკითხე და თქვენც გირჩიოთ მისი წაკითხვა.

       დიდი ხანი ვგეგმავდი ამ წიგნის წაკითხვას და ამ ზაფხულს, როგორც იქნა, ხელში ჩავიგდე და მთლიანად გადავეშვი ჰოლდენ კოლფილდის ცხოვრებაში. სიმართლე გითხრათ, თავიდანვე მზად ვიყავი, რომ ამ წიგნისთვის ფავორიტი წიგნი დამერქმია.

      ჯერომ სელინჯერი, „თამაში ჭვავის ყანაში“, იგივე „კლდის პირზე, ჭვავის ყანაში“, ინგლისურად-„The catcher in the rye“. ინგლისურიდან  პირდაპირ თუ ვთარგმნით - „დამჭერი ჭვავის ყანაში“. რატომ „დამჭერი ჭვავის ყანაში“?  ციტატას მოვიშველიებ და ამ ციტატით წიგნის სათაურსაც ჩაწვდებით და წიგნის პერსონაჟის მთავარ მახასიათებლებსაც.

  

„-იცი რა მინდა გავხდე?- ვუთხარი მე,- იცი რა? რა თქმა უნდა, ჩემს ნებაზე თუ მიმიშვეს და არაფერი ჯანდაბა არ გადამეღობა. თვალწინ მიდგას , როგორ თამაშობენ პატარა ბავშვები დიდ ველზე, ჭვავის ყანაში. მე კიდე საშინელ ციცაბო კლდის პირას ვდგავარ, და რას ვაკეთებ - ბავშვებს ვიჭერ, რომ უფსკრულში არ გადაიჩეხონ. თუ გამორბის და წინ არ იყურება, არც იცის, რომ უფსკრულს უახლოვდება, უცებ გადმოვვარდები და ხელს ვტაცებ. მთელი დღე მეტს არაფერს ვაკეთებ - ბავშვებს ვიჭერ ჭვავის ყანაში. ვიცი, რომ სიგიჟეა, მაგრამ ეს მინდა, სხვა არაფერი. ისე მეც ვიცი, რომ სიგიჟეა.“  

       უფსკრული ის სიყალბეა, რასაც ცხოვრებაში ყველა ვხვდებით, ისევე, როგორც ჰოლდენი. მას სძულს ეს სიყალბე და ყველა ყალბი ადამიანი, რომლებიც ასე მრავლად ჰყავს თავის ცხოვრებაში. მას ამ სიყალბიდან გაქცევა სურს, მზადაც კი არის ამისთვის, თუმცა ის, ვინც მის შეჩერებას მოახერხებს და მას ყველაზე მეტად უყვარს, მისი პატარა დაა.

      ჩემი აზრით, წიგნის კიდევ ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პერსონაჟი მისტერ ანტოლინია. რომლის მონოლოგები, ვფიქრობ, ბევრ საინტერესო რამეს გვასწავლის.

      ახლა ორიოდე სიტყვა ჩემს საბოლოო შთაბეჭდილებაზე...  წიგნის წაკითხვის შემდეგ გულრწფელად მომინდა შემძლებოდა ჯერომ სელინჯერის დავლაპარაკებოდი და მეკითხა, როგორ მოახერხა და როგორ ჩაწვდა ამდენად ჰოლდენ კოლფილდის გულსა და გონებას. ჰოლდენისნაირი ცუდი/კარგი თინეიჯერები, ვფიქრობ, ყველაზე საინტერესო, არაპრიმიტიული და არაბანალურები ხდებიან მომავალში, რაც სამყაროს ასე ძალიან აკლია. ჰო, ერთი შეხედვით, ძალიან ცუდია, სიგარეტით ხელში რომ დგას და ცხოვრების უკმაყოფილოა, მაგრამ, მეორე მხრივ, გარდაცვლილი ძმის ხელთათმანს ინახავს და სულ თან დაატარებს და მხოლოდ ის უნდა, ბავშვები უფსკრულისგან იხსნას და არა მარტივად გახდეს მაღალანაზღაურებადი ვექილი.

     ეს წიგნი ყველა თინეიჯერმა ჯერ მხოლოდ იმიტომ უნდა წაიკითხოს, ჩემი აზრით, რომ ეზიაროს არაპრიმიტიულობის და ცუდში კარგის ნათლად დანახვის საშუალებას, რაც მწერალმა ასე კარგად მოახერხა. ( „იოლი ფაფის ჭამაც არ არაა“, ამიტომ ამ წიგნსაც ადეკვატური გააზრება სჭირდება და ინდივიდუალური ასაკი. მე კი ყველაზე კარგი დრო შეავარჩიე ამ წიგნისთვის, ასე მგონია.)

  ბოლოს, ის, რასაც გეტყოდით ამ წიგნის მნიშვნელოვანი ციტატებიდან:

„ნურავის ნურაფერს უამბობთ, თორემ მერე ყველაზე დაგწყდებათ გული.“


ანანო მელქაძე

ენჯი თომასი  - "ღვარძლი, რომელსაც თესავ"

        დღეს მინდა გესაუბროთ ჩემს ერთ-ერთ საყვარელ წიგნზე. ეს გახლავთ ენჯი თომასის,, ღვარძლი რომელსაც თესავ ''. წიგნში ასახულია თანამედროვე აფროამერიკელთა ცხოვრება, იარაღი, ნარკოტიკებით ვაჭრობა, მკვლელობა. ეს ყველაფერი გეტოს მცხოვრებთა, მათ შორის მთავარი გმირის-სტარის ყოველდღიურობაა. ეს რუტინა მანამ გრძელდება, სანამ სტარის უდანაშაულო მეგობარს, ხალილს, პოლიციელები არ შეიწირავენ. სწორედ აქედან იწყება ბრძოლა სამართლიანობისა და უკეთესი მომავლისათვის.  ეს წიგნი ყველამ უნდა წაიკითხოს, რათა უკეთ გაიგონ მათი ცხოვრება და პრობლემები. ვფიქრობ, დღედღეობით ეს ერთ-ერთი ყველაზე აქტუალური თემაა მსოფლიოში, რადგან ჯერ კიდევ 3 თვის წინ, 25 მაის, 46 წლის ჯორჯ ფლოიდი პოლიციელმა მოკლა. ვიდეოს, სადაც ყელზე მუხლდაჭერილი ჯორჯი ითხოვდა სუნთქვის საშუალება მიეცათ, საპროტესტო აქციები მოჰყვა. სწორედ ამ შემზარავმა ფაქტმა დამაფიქრა და გადამაწყვეტინა წიგნის ყიდვა. ამ წიგნმა სრულიად ახალი სამყარო დამანახა. ის, რომელშიც შავკანიანებს უწევთ ცხოვრება. ისინი, როგორც ყოველთვის, ასევე დღესაც, ორ რამეს ითხოვენ: სამართლიანობასა და უკეთეს მომავალს. არა რასიზმს და ადამიანების კანის ფერით განსჯას - სწორედ ეს უნდოდა მარტინ ლუთერ კინგს, მალკოლმ იქსს, როზა პარქსს, "შავ პანტერებს" და სხვებს. ასე,რომ BLACK LIVES MATTER.


აქვე გაგიზიარებთ პრეზენტაციებსაც👇💜




     

საბკრიპტუმი • sabkriptumi

ამ ბმულზე დაწკაპებით შეგიძლიათ იხილოთ  "იუთუბგადაცემები" აქტუალურ თემებზე. პროექტის იდეა დაიბადა დისტანციური ქართულის გაკვეთილებზე. 💗