Tuesday, November 10, 2020

მოსალოცთათვის!

 გურამ დოჩანაშვილი

კაცი, რომელსაც ლიტერატურა ძლიერ უყვარდა


* * *
- ბედნიერი კაცი ყოფილხართ!
- რატომ?
- რატომ და წინ ისეთი დიდი ბედნიერება გელით, მე კი ეს ბედნიერება უკვე განვლილი მაქვს. ეეჰ...
- რა ბედნიერება?
- პირველად წაკითხვის.


მაშ, ასე - ჩემი მოსწავლეები გირჩევენ, წაიკითხოთ  💓👇: 

ამ ზაფხულს 39 წიგნი წავიკითხე. ერთი შეხედვით, ძალიან ბევრია, თუმცა მათი უმეტესობა პატარა წიგნებია. როცა ამ დავალების შესახებ გავიგე, ეგრევე გავიფიქრე, რომ ამ წიგნებიდან ერთს ვერ გამოვყოფდი. ამიტომ, რამდენიმე წიგნზე გესაუბრებით, რაც შეიძლება მოკლედ.

            იმ წიგნს, რომელმაც ყველაზე მეტად მოახდინა ჩემზე შთაბეჭდილება, ბოლოსთვის მოვიტოვებ.  დავიწყოთ ენიდ ბლაიტონის სერიით. ენიდ ბლაიტონი ბრიტანელი მწერალია, რომელსაც არაერთი საბავშვო, სათავგადასავლო წიგნების სერია ეკუთვნის. მე მისი ყველაზე ცნობილი წიგნების სერია - „ცნობილი ხუთეული“ წავიკითხე. სერიაში ათზე მეტი წიგნია, ქართულად უკვე ცხრა წიგნია ნათარგმნი, მე კი რვა მათგანი წავიკითხე. ჯულიენის, ენის, დიკის, ჯორჯის და ძაღლის - ტიმოთის ისტორია ჩემთვის ძალიან ჩამთრევი აღმოჩნდა. ისინი ყოველთვის ხიფათში ეხვევიან, ველოტურისკენ მიმავალ გზაზეც კი.

            ძალიან მომეწონა მოგზაურებისა და მწერლების წიგნები: „გემი-მოჩვენება“ და „ზღვის მძარცველები“. ეს წიგნი მათთვისაა, ვისაც უყვარს მოგზაურობა, მისტიკა და თავგადასავალი. „ზღვის მძარცველები“, ჩემი აზრით, ამ ჟანრში საუკეთესო წიგნია. კითხვის პროცესში თავს მთავარი პერსონაჟის ადგილას წარმოვიდგენდი, რაც კითხვას უფრო სასიამოვნოს ხდიდა.

            აგრეთვე ძალიან ვიყავი ჩართული მარიო პიუზოს „ნათლიას“ კითხვაში. მას ნინო როტას უკვდავი „საუნდტრეკის“ ფონზე ვკითხულობდი, რაც მთლიანად კორლეონეების სამყაროში მამოგზაურებდა.

            ძალიან საინტერესო იყო „პრესტიჟიც“, რომელზეც დაფუძნებულია ამავე სახელწოდების ძალიან ცნობილი ფილმი. წიგნში მოცემულია ორი საუკეთესო ილუზიონისტის დაპირისპირება, ხოლო ამაზე უფრო მეტს ამ ბლოგიდან შეიტყობთ

წიგნი პოსტაპოკალიფსურ სამყაროზე - „მე ვარ ლეგენდა“ ერთ დღეში დავასრულე. მიუხედავად იმისა, რომ ამ ჟანრის წიგნები არ მიზიდავს ( ზომბები/შმომბები 😂😂😂🤣🤣 ), ეს წიგნი ზაფხულში წაკითხული წიგნებიდან ერთ-ერთი საუკეთესოა.

დიდად არც სამეცნიერო ფანტასტიკა მომწონს, თუმცა  „მაიმუნების პლანეტაც" ჩემთვის ძალიან ჩამთრევი იყო, ისიც სულ რაღაც ორ დღეში დავასრულე. ძალიან მოულოდნელი იყო მისი დასასრული, რამაც კიდევ უფრო აღმაფრთოვანა.

 „სატახტოთა თამაშის“ წაკითხვა დიდი ხანია მინდოდა და წიგნის ონლაინ ფესტივალზე შევიძინე. მიუხედავად იმისა, რომ საკმაოდ სქელტანიანი წიგნია, დაახლოებით ერთ კვირაში წავიკითხე. ლანისტერების და სტარკების დაძაბული ბრძოლა ძალიან საინტერესოა. წიგნის ონლაინ ფესტივალზე, რომელიც 25-27 სექტემბერს იმართება, ვაპირებ მისი ყველა ნაწილი ვიყიდო ( მათ განხილვას ბლოგზე იხილავთ  ️ )

ჩემი ერთ-ერთი საუკეთესო მწერლის - აგატა კრისტის წიგნმა - „ლორდი ეჯვერის სიკვდილმა“ მოლოდინები გაამართლა. წიგნი ისეთია, როგორიც პუაროს და ზოგადად აგატას ეკადრება 🙂😎

„მეცხრე ფლიგელი“ ქართველი მწერლის - თეა ინასარიძის დეტექტიური, მისტიკური ჟანრის წიგნია. შეიძლება ბევრმა არ იცით ამ მწერლის შესახებ, თუმცა ჩემთვის ამ ჟანრში ერთ-ერთი საუკეთესოა ( ვიტყოდი, რომ ის ქართველი აგატა კრისტია 😄🥰 )

დაბოლოს.. „ფენიქსი“... პროექტი, რომელმაც ჩემში უდიდესი აღტაცება გამოიწვია. ალბათ გაიგებდით მის შესახებ, ბოლოს და ბოლოს იმდენჯერ გავაზიარე... 😅😅  „ფენიქსში“ ოთხი ავტორი: თეა ინასარიძე, ელის დოჯსონი, ნიკოლას მაჩაბელი და ტორესა მოსი იყო. თქვენ შეგიძლიათ რვა განსხვავებული დასასრულიდან ის აირჩიოთ, რომელიც უფრო გაინტერესებთ. მე პირადად თხუთმეტივე წიგნი, რვავე დასასრული წავიკითხე, რვავე ძალიან საინტერესო იყო. 🥰😍 ამ წიგნის შთაბეჭდილებებს თავად ავტორს - თეა ინასარიძეს ( რომელიც ჩემთვის საუკეთესო ქართველი მწერალია ) ვწერდი.

P.S: სხვათაშორის, მან მითხრა, რომ ფენიქსის საუკეთესო ფანი ვარ 😏😏

აი, ეს იყო წიგნები რომლითაც ეს ზაფხული გავატარე. ამასობაში ბევრი წასაკითხი წიგნიც დამიგროვდა ( 40-მდე ), წიგნის ონლაინ ფესტივალზე კიდევ 25-მდე წიგნის გამოწერას ვაპირებ. მოკლედ, გირჩევთ ეს წიგნები წაიკითხოთ, ხოლო ცოტა ხანში ჩემი საუკეთესო წიგნების შესახებ ბლოგიდან შეიტყობთ. 💪❤

დროებით 😁❤

აკაკი დვალიშვილი


კრისტოფერ პრისტი - "პრესტიჟი"
 
           კრისტოფერ პრისტი ბრიტანელი მწერალია, რომელიც 1943 წელს დაიბადა. წერა სკოლის დამთავრებისთანავე დაიწყო. მის კალამს თერთმეტი რომანი, მოთხრობების ოთხი კრებული და რამდენიმე კინოსცენარი ეკუთვნის. აღსანიშნავია, რომ ის ჰერბერტ უელსის საზოგადოების ვიცე-პრეზიდენტია. განსაკუთრებული აღიარება მოუტანა რომანმა “პრესტიჟი”. მოგვიანებით რეჟისორმა კრისტოფერ ნოლანმა ამავე სახელწოდების ფილმიც გამოუშვა, სადაც მთავარ როლებში ჰიუ ჯეკმენი და კრისტიან ბეილი არიან. გადავიდეთ უშუალოდ წიგნის შინაარსზე. წიგნი მოგვითხრობს ორი პროფესიონალი ილუზიონისტის - რუპერტ ენჯერისა და ალფრედ ბორდენის დაპირისპირების ისტორიას. რომანი ოთხ ძირითად ნაწილადაა დაყოფილი ( მეხუთე ნაწილი მოკლეა და უბრალოდ შეჯამებას წარმოადგენს), თითოეულს კი ოთხი სხვადასხვა პერსონაჟი მოგვითხრობს ( მათ შორის, თავად ალფრედ ბორდენი და რუპერტ ენჯერი). მოვლენები ძალიან საინტერესოდ ვითარდება. ენჯერი ყოველთვის ცდილობს დაამტკიცოს, რომ ალფრედზე უკეთესი ილუზიონისტია და პირიქით. მათი დაპირისპირება არამხოლოდ სცენაზე ვრცელდება, არამედ ისინი ხშირად იყენებდნენ უხეშ ხერხებსაც, რათა დაამარცხონ მეტოქე ( ამ მხრივ განსაკუთრებით ბორდენი, მეტსახელად “მაგიის პროფესორი” გამოირჩეოდა. აქვე აღვნიშნავ, რომ რუპერტ ენჯერის სასცენო სახელი “დიადი დანტონი” იყო). რადგანაც ისინი მუდმივ ბრძოლაში არიან, თავისთავად უწევთ ახალი ტრიუკები გამოიგონონ, რათა ხალხი მოხიბლონ და უპირატესობა გამოავლინონ მოწინააღმდეგესთან. ამას “მაგიის პროფესორი” დაიწყებს. მას თავიდანვე ჰქონდა მაგია, სახელად “ადამიანის ტრანსპორტაცია”. მას ფაქტობრივად მთლიანი კარიერის განმავლობაში იყენებდა, თუმცა დროდადრო ხვეწდა, საბოლოოდ კი მიიღო შედეგი და ტრიუკს სახელი შეუცვალა – “ადამიანის ახალი ტრანსპორტაცია”, რომელიც ფოკუსის თავდაპირველ ფორმასთან შედარებით ძალიან შეცვლილი და გაუმჯობესებულია. ხალხი აღტაცებით ხვდება მაგიას. ენჯერის საუკეთესო ფანებიც კი აღნიშნავენ, რომ მსგავსი რამ არცერთ ილუზიონისტთან არ უნახავთ და ალფრედს პირველობას ანიჭებენ. რუპერტს თავისთავად შურს, უკვირს, ვერ ხვდება, როგორ აკეთებს ამ ტრიუკს ალფრედი. შურისძიების სურვილი აქვს, უნდა, რომ ჩასწვდეს მის არსს და თავადაც დადგას მსგავსი შოუ. გაზეთებიდან იტყობს ცნობილი მეცნიერის, ნიკოლა ტესლას შესახებ და ფიქრობს, რომ ნიკოლას შეუძლია დაეხმაროს მსგავსი ტრიუკის მომზადებაში.  შინაარსზე მეტს აღარ დავწერ, სჯობს, თავად იხილოთ. გადავიდეთ შეფასებაზე. განსაკუთრებით მომეწონა წიგნის მეოთხე ნაწილი, რომელსაც რუპერტ ენჯერი ჰყვება. ეს ნაწილი სხვებისგან სიდიდით გამოირჩევა, მაგრამ ასევე ერთი საინტერესო განსხვავებაც აქვს. მეოთხე ნაწილი წარმოდგენილია რუპერტ ენჯერის დღიურის სახით. პირველი ჩანაწერი, რომელიც 1866 წლის 21 სექტემბრიდან იწყება ( დღე, როცა ენჯერს სულ რაღაც 9 წელი შეუსრულდა. ) და სრულდება 1904 წლის 8 ივლისით. რუპერტ ენჯერი ჩემთვის წიგნის საუკეთესო პერსონაჟიცაა. მისი კარიერა ძალიან ცუდად დაიწყო, შემოსავალსაც ვერ იღებდა. “დიად დანტონს” პირველივე ფოკუსი ჩაეშალა, რის შემდეგაც ინერვიულა, საბოლოოდ ამან გამოსვლაზეც იქონია გავლენა. ამის გამო დაპირებული ჰონორარის ნახევარი დაუქვითეს. დღიურიდან ვიტყობთ, რომ შემდეგ დღეს უკვე მეფოკუსის კარიერაზე თავის დანებებაც გადაწყვიტა. (აქვე მოგიწოდებთ, რომ არასოდეს დანებდეთ! ჩვენ უნდა მოვინდომოთ, ვიწვალოთ, გავაკეთოთ ჩვენი მაქსიმუმი და აუცილებლად მივაღწევთ სასურველ შედეგს. ამის დასამტკიცებლად საკმაოდ ბევრი მაგალითის მოყვანა შეიძლება, მაგრამ რადგან დღეს “პრესტიჟს” განვიხილავთ, მისი ერთ-ერთი მთავარი პერსონაჟი – რუპერტ ენჯერი ავიღოთ. მან კარიერა ცუდად დაიწყო, თუმცა საკუთარ თავზე იმუშავა და მომავალში მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო ილუზიონისტიც გახდა.) მისი კარიერის პირველი წლის ( 1877წ. ) საერთო შემოსავალი იყო 5 შილინგი და 3 პენსი. ასე გრძელდებოდა რამდენიმე წელიწადი, მაგრამ, როგორც ხედავთ, მას გამოუვიდა და პროფესიონალი ილუზიონისტი გახდა. რაც შეეხება ზოგადად წიგნს, ძალიან საინტერესო იყო. რომანმა ასევე დამაინტერესა ილუზიონისტების ცხოვრების შესახებ და ზოგადად ამ პროფესიაზე ( თუმცა ჩემი პროფესია უკვე არჩეული მაქვს ). როგორც უკვე აღვნიშნე, მოვლენები საინტერესოდ ვითარდება, უფრო და უფრო გითრევს და შენც გიტაცებს, თითქოს ესწრებოდე ორი ილუზიონისტის დაპირისპირებას. გირჩევთ, წაიკითხოთ “პრესტიჟი”, განსაკუთრებით მაშინ, თუ მისტიკური ამბები გიზიდავთ.

ფრედერიკ მარიეტი  "გემი-მოჩვენება"

         ფრედერიკ მარიეტი ბავშვობიდან ოცნებობდა მეზღვაურობაზე.14 წლის ასაკში ფლოტის წევრი გახდა. მას ძალიან ბევრ საზღვაო ექსპედიციაში აქვს მონაწილეობა მიღებული და მრავალი ადამიანის სიცოცხლეც გადაურჩენია. მისი ერთ-ერთი გამორჩეული ნაწარმოებია “გემი-მოჩვენება”. ის პირველად 1839 წელს გამოიცა. რადგანაც ფრედერიკ მარიეტი თავად მეზღვაური იყო, ლოგიკურად, მის მიერ შედგენილი საზღვაო წიგნი ორმაგად საინტერესო იქნება. მისი წაკითხვის შემდეგ კი ამაში დარწმუნდებით. ეს ნაწარმოები სამ დღეში დავასრულე. ვფიქრობ, უფრო დაგაინტერესებთ, თუ წიგნის დასაწყისზე გესაუბრებით. ქალაქ ტურზონში, ერთ კოხტა სახლში, ცხოვრობდა ოციოდე წლის ბიჭი – ფილიპ ვანდერდეკენი. მან გადაწყვიტა საზღვაო ცხოვრება დაეწყო, რადგან ამაში ბიძამისი კარგ გასამრჯელოს ჰპირდებოდა. ფილიპის დედა ძალიან შიშობს, არ უნდა შვილი დიდ ზღვაში გაუშვას, ამის მიზეზს კი არ ამბობს. საბოლოოდ, ფილიპი გებულობს, რომ მამამისი დაღუპული არ არის, მაგრამ ადევს წყევლა. მამამისი იმყოფება დაწყევლილ გემზე - გემ-მოჩვენებაზე”. ეს არის გემი, რომელთან შემხვედრი გემიც აუცილებლად იღუპება. ფილიპი დებს ფიცს, რომ აუცილებლად ნახავს მამას და გადაარჩენს მას. რა თქმა უნდა, ეს ძალიან რთულია, ათას ფათერაკს გადაეყრება ეს ახალგაზრდა, გემზე გაიჩენს მოსისხლე მტერს – კაპიტან შრიფტენს, რომელიც ჩემთვის ყველაზე საძულველი პერსონაჟია. თავისთავად, საუკეთესო პერსონაჟი, მთავარი გმირი, ფილიპია. წიგნში ძალიან კარგი სასიყვარული ისტორიაცაა, ფილიპსა და ერთი ექიმის ქალიშვილს – ამინას შორის. როდესაც ვანდერდეკენმა თვალი მოკრა ამინას, პირველივე დანახვაზე შეუყვარდა, ხოლო მომავალში ცოლადაც შეირთო. ”გემი-მოჩვენება” ძალიან კარგი სათავგადასავლო წიგნია, თვალი ადევნეთ  ფილიპის შთამბეჭდავ მოგზაურობას და იმოგზაურეთ მასთან ერთად. 💜


ჯორჯ რეიმონდ რიჩარდ მარტინი - "სატახტოთა თამაში"

         ჯორჯ რეიმონდ რიჩარდ მარტინი ამერიკელი მწერალი და სცენარისტია ფენტეზის, საშინელებისა და სამეცნიერო ფანტასტიკის ჟანრებში. ის ბავშვობაშივე წერდა ისტორიებს მონსტრებზე და ძალიან მცირე თანხის სანაცვლოდ ყიდდა მეზობელ ბავშვებში. ჯორჯ მარტინი დაინტერესებული იყო მარველის კომიქსებით. მას განსაკუთრებული პოპულარობა მოუტანა წიგნების სერია “ყინულისა და ცეცხლის სიმღერამ". ეს რომანი  ტელეარხმა HBO-მ უფრო პუპულარული გახადა სერიალის “სამეფო კარის თამაშები” წყალობით. დღეს განვიხილავთ სერია “ყინულისა და ცეცხლის სიმღერის” პირველ წიგნს – “სატახტოთა თამაშს”. ეს წიგნი პირველად გამოიცა 1996 წლის პირველ აგვისტოს. მასში მოქმედება გამოგონილ სამყაროში – ვესტეროსში ხდება. მარტინს თავისებური წერის სტილი აქვს, რაც შემდგომში მდგომარეობს: ყოველი თავი დასათაურებულია იმ პერსონაჟის სახელით, ვის შესახებაც არის. ეს პერსონაჟები არიან: ედარდ, კეტლინ, ბრან, არია, სანსა სტარკები, ჯორჯ სნოუ, დენერის ტარგარიენი და ტირიონ ლანისტერი. მარტინი მოვლენებს იდეალურად აღწერს, რითაც სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით გითრევს... თავიდან ეს წიგნი დიდად არ მიზიდავდა, მაგრამ როგორც კი პირველი გვერდები გადავშალე, ძალიან დამაინტერესა და ჩემი საუკეთესო წიგნების სიაშიც შევიდა. შინაარსი ასეთია: ლორდი ჯონ ერინის გარდაცვალების შემდეგ, ვესტეროსის შვიდი სამეფოს მეფე - რობერტ ბარათეონი, თავის ბავშვობის მეგობარს – ედარდ ნედ სტარკს, ჩრდილოეთის ლორდს, ერინის თანამდებობაში დანიშნავს და ნედ სტარკი მეფის მარჯვენა გახდება. კიდევ უფრო დაახლოებისთვის, რობერტის ვაჟს – ჯოფრის და ნედის ასულს – სანსას ერთმანეთზე დანიშნავენ. პარალელურად ჯონ სნოუ, ნედ სტარკის ბუში ვაჟი, მოისურვებს წაჰყვეს ბიძას – ბენჯენს, ღამის ებგურში, კედლის დასაცავად. ტარგარიენების დინასტიის ერთ-ერთი ბოლო წევრი – დენერისი დაქორწინდება დოთრაკიელთა ლიდერზე – ხალ დროგოზე. სანაცვლოდ დოთრაკიელები პრინც ვისერისს ( დენერისის ძმას ) ჯარს აჩუქებენ. ვისერისს უნდა დაბრუნდეს ვესტეროსში და დაიპყროს რკინის ტახტი. ასეთი საინტერესო მოვლენები ვითარდება ვესტეროსში. სანამ დავასრულებ, მინდა ჩემთვის წიგნის საუკეთესო და ყველაზე ცუდი პერსონაჟი დავასახელო. ესენი არიან: ტირიონი და ჯოფრი. თუ რატომ არის ჯოფრი საძულველი პერსონაჟი, ამის ახსნას არ დავიწყებ. ვფიქრობ, მასზე ყველას ასეთი შთაბეჭდილება აქვს. რაც შეეხება ტირიონ ლანისტერს – ეს არის ჯუჯა, რომელსაც სხვებისგან გამორჩეული თვისებები ჰქონდა. ძალიან განათლებული იყო, დიდ დროს ატარებდა ბიბლიოთეკაში. გამოირჩევა ძალიან საინტერესო, დამაფიქრებელი ფრაზებით. ჩემთვის საუკეთესო ფრაზა ჯონ სნოუსთვის ნათქვამი ეს სიტყვებია: “არ დაივიწყო ვინ ხარ, თორემ მთელი დანარჩენი სამყარო დაგივიწყებს. ეს ცოდნა აბჯარივით ატარე და მას ვეღარავინ გამოიყენებს იმისთვის, რომ ტკივილი მოგაყენოს.” ასევე, ჩემთვის საუკეთესო პერსონაჟების სიაში ჯონ სნოუ და ნედ სტარკიც შედიან. მე სულმოუთქმელად ველი ამ სერიის მეორე წიგნის – “მეფეთა ჯახის” წაკითხვას, თქვენ კი პირველის წაკითხვას გირჩევთ.





ქრისტინე ბოჭორიშვილი

ჯერომ სელინჯერი- "თამაში ჭვავის ყანაში"

სტატიის მიზანია, გაგაცნოთ ჩემი ფავორიტი წიგნი, რომელიც ამ ზაფხულს წავიკითხე და თქვენც გირჩიოთ მისი წაკითხვა.

       დიდი ხანი ვგეგმავდი ამ წიგნის წაკითხვას და ამ ზაფხულს, როგორც იქნა, ხელში ჩავიგდე და მთლიანად გადავეშვი ჰოლდენ კოლფილდის ცხოვრებაში. სიმართლე გითხრათ, თავიდანვე მზად ვიყავი, რომ ამ წიგნისთვის ფავორიტი წიგნი დამერქმია.

      ჯერომ სელინჯერი, „თამაში ჭვავის ყანაში“, იგივე „კლდის პირზე, ჭვავის ყანაში“, ინგლისურად-„The catcher in the rye“. ინგლისურიდან  პირდაპირ თუ ვთარგმნით - „დამჭერი ჭვავის ყანაში“. რატომ „დამჭერი ჭვავის ყანაში“?  ციტატას მოვიშველიებ და ამ ციტატით წიგნის სათაურსაც ჩაწვდებით და წიგნის პერსონაჟის მთავარ მახასიათებლებსაც.

  

-იცი რა მინდა გავხდე?- ვუთხარი მე,- იცი რა? რა თქმა უნდა, ჩემს ნებაზე თუ მიმიშვეს და არაფერი ჯანდაბა არ გადამეღობა. თვალწინ მიდგას , როგორ თამაშობენ პატარა ბავშვები დიდ ველზე, ჭვავის ყანაში. მე კიდე საშინელ ციცაბო კლდის პირას ვდგავარ, და რას ვაკეთებ - ბავშვებს ვიჭერ, რომ უფსკრულში არ გადაიჩეხონ. თუ გამორბის და წინ არ იყურება, არც იცის, რომ უფსკრულს უახლოვდება, უცებ გადმოვვარდები და ხელს ვტაცებ. მთელი დღე მეტს არაფერს ვაკეთებ - ბავშვებს ვიჭერ ჭვავის ყანაში. ვიცი, რომ სიგიჟეა, მაგრამ ეს მინდა, სხვა არაფერი. ისე მეც ვიცი, რომ სიგიჟეა.“  

       უფსკრული ის სიყალბეა, რასაც ცხოვრებაში ყველა ვხვდებით, ისევე, როგორც ჰოლდენი. მას სძულს ეს სიყალბე და ყველა ყალბი ადამიანი, რომლებიც ასე მრავლად ჰყავს თავის ცხოვრებაში. მას ამ სიყალბიდან გაქცევა სურს, მზადაც კი არის ამისთვის, თუმცა ის, ვინც მის შეჩერებას მოახერხებს და მას ყველაზე მეტად უყვარს, მისი პატარა დაა.

      ჩემი აზრით, წიგნის კიდევ ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პერსონაჟი მისტერ ანტოლინია. რომლის მონოლოგები, ვფიქრობ, ბევრ საინტერესო რამეს გვასწავლის.

      ახლა ორიოდე სიტყვა ჩემს საბოლოო შთაბეჭდილებაზე...  წიგნის წაკითხვის შემდეგ გულრწფელად მომინდა შემძლებოდა ჯერომ სელინჯერის დავლაპარაკებოდი და მეკითხა, როგორ მოახერხა და როგორ ჩაწვდა ამდენად ჰოლდენ კოლფილდის გულსა და გონებას. ჰოლდენისნაირი ცუდი/კარგი თინეიჯერები, ვფიქრობ, ყველაზე საინტერესო, არაპრიმიტიული და არაბანალურები ხდებიან მომავალში, რაც სამყაროს ასე ძალიან აკლია. ჰო, ერთი შეხედვით, ძალიან ცუდია, სიგარეტით ხელში რომ დგას და ცხოვრების უკმაყოფილოა, მაგრამ, მეორე მხრივ, გარდაცვლილი ძმის ხელთათმანს ინახავს და სულ თან დაატარებს და მხოლოდ ის უნდა, ბავშვები უფსკრულისგან იხსნას და არა მარტივად გახდეს მაღალანაზღაურებადი ვექილი.

     ეს წიგნი ყველა თინეიჯერმა ჯერ მხოლოდ იმიტომ უნდა წაიკითხოს, ჩემი აზრით, რომ ეზიაროს არაპრიმიტიულობის და ცუდში კარგის ნათლად დანახვის საშუალებას, რაც მწერალმა ასე კარგად მოახერხა. ( „იოლი ფაფის ჭამაც არ არაა“, ამიტომ ამ წიგნსაც ადეკვატური გააზრება სჭირდება და ინდივიდუალური ასაკი. მე კი ყველაზე კარგი დრო შეავარჩიე ამ წიგნისთვის, ასე მგონია.)

  ბოლოს, ის, რასაც გეტყოდით ამ წიგნის მნიშვნელოვანი ციტატებიდან:

„ნურავის ნურაფერს უამბობთ, თორემ მერე ყველაზე დაგწყდებათ გული.“


ანანო მელქაძე

ენჯი თომასი  - "ღვარძლი, რომელსაც თესავ"

        დღეს მინდა გესაუბროთ ჩემს ერთ-ერთ საყვარელ წიგნზე. ეს გახლავთ ენჯი თომასის,, ღვარძლი რომელსაც თესავ ''. წიგნში ასახულია თანამედროვე აფროამერიკელთა ცხოვრება, იარაღი, ნარკოტიკებით ვაჭრობა, მკვლელობა. ეს ყველაფერი გეტოს მცხოვრებთა, მათ შორის მთავარი გმირის-სტარის ყოველდღიურობაა. ეს რუტინა მანამ გრძელდება, სანამ სტარის უდანაშაულო მეგობარს, ხალილს, პოლიციელები არ შეიწირავენ. სწორედ აქედან იწყება ბრძოლა სამართლიანობისა და უკეთესი მომავლისათვის.  ეს წიგნი ყველამ უნდა წაიკითხოს, რათა უკეთ გაიგონ მათი ცხოვრება და პრობლემები. ვფიქრობ, დღედღეობით ეს ერთ-ერთი ყველაზე აქტუალური თემაა მსოფლიოში, რადგან ჯერ კიდევ 3 თვის წინ, 25 მაის, 46 წლის ჯორჯ ფლოიდი პოლიციელმა მოკლა. ვიდეოს, სადაც ყელზე მუხლდაჭერილი ჯორჯი ითხოვდა სუნთქვის საშუალება მიეცათ, საპროტესტო აქციები მოჰყვა. სწორედ ამ შემზარავმა ფაქტმა დამაფიქრა და გადამაწყვეტინა წიგნის ყიდვა. ამ წიგნმა სრულიად ახალი სამყარო დამანახა. ის, რომელშიც შავკანიანებს უწევთ ცხოვრება. ისინი, როგორც ყოველთვის, ასევე დღესაც, ორ რამეს ითხოვენ: სამართლიანობასა და უკეთეს მომავალს. არა რასიზმს და ადამიანების კანის ფერით განსჯას - სწორედ ეს უნდოდა მარტინ ლუთერ კინგს, მალკოლმ იქსს, როზა პარქსს, "შავ პანტერებს" და სხვებს. ასე,რომ BLACK LIVES MATTER.


აქვე გაგიზიარებთ პრეზენტაციებსაც👇💜




     

No comments:

Post a Comment