Tuesday, December 19, 2023

,,თავფარავნელი ჭაბუკი"

 ,,...ზღვის გაღმა როგორც კი მოსაღამოვდებოდა, ერთი ავსული დედაბერი ჩაშავებული ფუღუროდან თავს ქურდულად გამოჰყოფდა და იქაურობას ავად მოავლებდა გადმოკარკლულ თვალებს. წამსვე შეიმალებოდა ფუღუროში, დაღამებას გატრუნული უცდიდა, მერე კი, მაგრად რომ ჩამობნელდებოდა, ჯერ მოკაუჭებულ ცხვირს გამოჰყოფდა, მერე თავს, გაძვალტყავებულ ხელსაც გამოაძვრენდა, გაქირვებით გამოფოფხდებოდა ჩაშავებული ფუღუროდან – ზღვის გაღმა, ტყეში, ყოველი ღამით, ერთი ავსული

დედაბერი ჩაშავებული ფუღუროდან იბადებოდა. ცარიელა ძვალი და ტყავი იყო, მაგრამ დიდი მუცელი ჰქონდა, უთიმთიმებდა. უცნაური სიარული იცოდა – კი დაძუნძულებდა, მაგრამ ისე სწრაფად, ისე მსუბუქად და უხმაუროდ… მიძუნძულებდა და გაფარჩხულთითებიანი ხელები მოეხარა, მხრებამდე აეტანა, თითქოს დასაკლავ ქათამს დასაჭერად ეპარებოდა. ჯერ იმ თავის ხეს ერთი-ორჯერ შემოუვლიდა, მოათვალიერებდა, მერე იქითკენ გასწევდა, ორი ყვითლად აბრიალებული თვალი რომ ენთო – დაბალ, მოკლე ტოტზე იმისი ორბი იჯდა, დედაბერივით კაუჭა ნისკარტი ჰქონდა, ბრჭყალები ღრმად ჩაესო გამხმარ ტოტში და ამაყად განზე იყურებოდა..." -გურამ დოჩანაშვილი.

თიმთიმა მუცელი და ავსული დედაბერი ასე გამოსახეს ჩემმა ბავშვებმა. 👇👇👇