ტემპერატურამ კლება დაიწყო, ბუნება
ათასფრად შეიღება. ფოთოლცვენა დაიწყო, ყველაფერი გაყვითლდა. ბუნება თბილ ფერებში შეიმოსა. მშვიდია
შემოდგომის დღეები. მზე ისე უხვად აღარ აფრქვევს სხივებს. ყველაზე თავისუფალი ამ დროს
ფოთოლია, ის თითქოს ჩიტია, თავისთვის დანარნარებს ხან იქით, ხან აქეთ. რაღაც ახალი
იწყება თითქოს. ყველაფერი ცუდი უკან დარჩა და წინ ფერადი ფოთლებით მოფენილი გზაა… მაგრამ
გზას ერთი დასასრული აქვს ცივი, ქათქათა, თეთრი…
***
ქარმა მოაფრინა ყვითელი ფოთოლი,
ეული, სნეული, ფესვებს მოწყვეტილი.
ქუჩაში, წვიმაში დააგდო ობოლი,
ბედის ანაბარა და გულდაწყვეტილი.
ქარი შევაჩერე და კითხვით მივმართე:
რას ერჩი, რად წირავ, რა დაგიშავა?
მან კი მიპასუხა: გითხრა სიმართლე?!
მოხუცდა, დაბერდა და ხელს მიშლიდა...
ქარის მონათხრობმა გული დამითუთქა,
ჩავფიქრდი ცხოვრების მწარე გაკვეთილზე.
ამიტომ წავალ და ნერგს დავრგავ ქუთქუთას,
რომ გაიზარდოს და იფიქროს კეთილზე!!!
შემოდგომის საღამოა
მშვიდი,
კორონა ვირუსი ელვარებს,
ყველა იკეთებს PCR ტესტებს,
აწი ვერ დავწერთ
გამოცდებს.
კორონა სახლიდან
არ გვიშვებს,
ვატყობ, კვალს დაატყობს
ახალ წლებს,
დერეფანში მყოფი
თამაზი მელანდება:
„რატომ არ ესწრები
გაკვეთილებს?!“
აწი, როდის ვიხილავთ
ყვითელ „ვალინკებს“?!
მე კი ვზივარ და
ვწერ ლექსებს,
ბუხარში ცეცხლი
გიზგიზებს,
ფოთლები ცვივა,
ცვივა, ცვივა
და წვიმის წვეთები
უხეშად ეცემა დაცვენილ
ფოთლებს.
***
შემოდგომა
შემოდგომაა და ქარის გრგვინვა ტყის
მდუმარებას ახშობს,
სულით მძვინვარე, თანაც მთრთოლვარე
სევდას ფოთლებში აქსოვს,
ტოტი ტოტებში იხლართება და სიოს
მტევნებს აპობს,
ფოთოლი ხის ლანდს ეჭიდება... და
გადარჩენას ლამობს.
მაგრამ თავის ბედს ვინ გაქცეულა, ხე
ყვითელ სამოსს დათმობს,
ფოთოლთა ჯარი ნიავს მიჰყვება და
არემარეს ათრობს,
ოქროსფერ ქურქში გახვეული თვის ბედზე
აღარ დარდობს,
ბუნების ქნარზე მოცეკვავე უკვე
ზაფხულსაც დაგმობს!
და მის სხეულზე შემოცმული წითელ
თმით გულებს ალღობს,
შრიალებს, მიჰქრის... დაფარფატებს,
ეალერსება მთა-გორს,
უკვე ამაყი და მედიდური გულში სიახლეს
გვაქსოვს,
სულით ძლიერი, სულით ლამაზი-
„შემოდგომა ვარ!“-ამბობს.
***
ხეს ჩამოსცვივდა ბოლო ფოთოლი
და მიილია ეს შემოდგომა,
მაგრამ ჩვენ მაინც გვიწევს
ფეხზე ადრე წამოდგომა,
რომ მივუსწროთ გაკვეთილებს,
თუმცა, არა სკოლაში,
რადგან ჩვენი საქართველო
არის კოვიდთან ბრძოლაში.
მიილევა ფოთოლცვენა,
ზამთარიც კი გადაივლის
და კორონას ვაქცინა
მთელ მსოფლიოს შემოივლის.
დამარცხდება პანდემია,
ქართველებიც გადავრჩებით
და გამოვალთ სახლებიდან,
გავიხარებთ, გავლაღდებით.
დალაგდება ეს ქვეყანა,
ყველაფერი გადაივლის.
დაბრუნდება ის რუტინა, როგორც ადრე იყო,
ისევ წავლენ მათ სკოლაში ლუკა, მარი, ბადრი, ნიკო!
***
დეკემბრის
სუსხიანი ქარი ძვლებში ატანდა, აკანკალებდა ყველა სულიერს, მით უმეტეს მსოფლიოს ისეთ
მიყრუებულ და გაყინულ ადგილას, როგორიც ციმბირია. ეს არავის უნდოდა... არავის სურდა
თბილი კერის მიტოვება... არავის სურდა ოჯახის წევრებთან დამშვიდობება... არავის სურდა
სიყვარულით სავსე სახლიდან ქოხში გადმოსვლა... მათ ეს არ დაუმსახურებიათ...
ყინულით გადათეთრებულ გარემოში პატარა,
რუხი ქოხი არც მოჩანდა. ამ ცივ სამყაროში ყველაფერი ცარიელი იყო, ადამიანის გულით დაწყებული
კუჭით დამთავრებული. ერთადერთი, რასაც გაიგონებდით, იყო ჯარისკაცის ძახილი:
- --მიაწექი! ჩქარა, თორემ საჭმელს ვერ ეღირსებით შენ და შენი
ოჯახი!
- - რას აკეთებ? დაჯდომის
უფლება ვინ მოგცა? ახლავე ფეხზე!
- - აი, შენ, ერთი კვირა
საჭმლის გარეშე!
მრავალი ასეთი ბრძანება ტოვებდა ჯარისკაცის
პირს, თუმცა ვის ადარდებდა?! მთავარი იყო, მას საკუთარი გაუმაძღარი კუჭი ამოევსო და სხვისას
არც დაგიდევდათ.
ჯარისკაცის ყვირილს გოგონას მისუსტებული
ოხვრა და ჩურჩული შეერია, თუმცა იმდენად სუსტი იყო ეს, რომ მის სარეცელთან მდგარმა
დედამაც კი ვერ გაიგონა შვილის სიტყვები. შვილის, რომელიც ცხრა თვე მუცლით ატარა, გაზარდა,
მოუარა და რისთვის?! რომ შემდეგ საახალწლოდ გამზადებული ღორივით დაეკლათ. სამყარო სასტიკია,
ყოველთვის იყო და იქნება. ვის არ აუჩუყდებოდა გული ამ სანახაობაზე?!
- - დედა.. დედი...
- - ჩემო პატარა, აქ ვარ, არ ინერვიულო, დედიკო აქ არის.
- - დე... სიკვდილის შემდეგ
ცხოვრება როგორია?
დედამ ამოიტირა, მისი ზურმუხტისფერი
თვალებიდან ცრემლმა გამოჟონა და უკვე ჩამხმარ ღაწვებზე დაეცა. შვილს გაუღიმა, აკოცა
და უთხრა:
- - სიკვდილის შემდეგ ადამიანი
ულამაზეს სამყაროში ხვდება, ია-ვარდებით მოფენილ ქვეყანაში. აი, ისეთში, როგორიც ზღაპრებშია.
შენ პატარა ანგელოზი იქნები. ჩვენ ერთად გავცილდებით ამ სამყაროს და მოვივლით ყვავილებით
გავსებულ მინდვრებს. მე და შენ, ჩემო პატარავ, მხოლოდ მე და შენ...
პატარამ დედიკოს გაუღიმა, თუმცა ეს
ის საყვარელი ღიმილი აღარ იყო, ადრე რომ ჰქონდა, უკვე გალურჯებულ ტუჩებს ძლივს ამოძრავებდა,
თვალები ეხუჭებოდა, თუმცა ცდილობდა დედამისისთვის კვლავ შეეხედა, შეიძლება უკანასკნელადაც...
- - დედიკო, იქ თავისუფლები
ვიქნებით?
- - კი, ჩემო პატარავ, მე
და შენ გავფრინდებით, ლაღად ვიფრენთ და მამიკოს ვნახავთ. აი, როგორც ნეკერჩხლის ფოთოლს
მიაქროლებს ნელი სიო, ისე გავფრინდებით და ზემოდან გადმოვხედავთ ყველაფერს.
- - როგორც ეს ნეკერჩხლის ფოთოლი? - იკითხა გოგონამ და გახუნებული ფოთოლი დაანახა დედას.
- - ხო, ზუსტად ასე ...
- - მაშინ აღარ მეშინია სიკვდილის.
შენ ხომ ჩემთან იქნები, დე?
- - კი, შვილო...
გოგონამ გაიღიმა და საბოლოოდ მიხუჭა
დაღლილი თვალები. სარეცელთან დარჩენილმა ქალმა ჯიბიდან პატარა დანა ამოაძრო, თვალდაუხამხამებლად
გაირჭო გულში და საბოლოოდ გაემგზავრა ამ ქვეყნიდან თავის გოგონასთნ ერთად...
***
კორონა მორჩა,
გარეთ გავედი,
ძირს დავიხედე.
უიი, ფოთოლი!..
დამვიწყებია...
რომ ხეც იცვლება
და შემოდგომით
ცვივა ფოთლები.
ზემოთ ავიხედე,
ციყვი დავინახე,
კაკალს ამტვრევდა,
იყო თავისთვის.
და უცებ მივხვდი,
რა დრო გასულა,
კარს მოგვდგომია
ოცი ორმოცი!
***
მე ფოთოლი ვარ, ბუნების
უბრალო და თავმდაბალი ქმნილება. ჩვენ ერთმანეთს ბევრჯერ შევხვედრილვართ, მაგრამ
შენ ვერასდროს მამჩნევ, არასდროს გიფიქრია ჩემზე. ეს იმიტომ, რომ
არაფერი იცი ჩემ შესახებ. მინდა, რომ
შენ, როგორც ცივილიზებულ ადამიანს, შეგახსენო
ჩემი არსებობის შესახებ და დაგაფიქრო იმაზე,
რაზეც არასდროს გიფიქრია.
მე ძველი ფოთოლი ვარ, თავის დროზე მეც ლამაზი ვიყავი. დაწყებული
მკრთალი მწვანიდან, როცა
პირველად გამოჩნდა კვირტი, ცეცხლოვან წითელ,
ნარინჯისფერ და ყვითელ ფინალამდე ბედნიერად და უდარდელად მოვედი… მაგრამ დადგა დრო, როცა ხეს უნდა გავეშვი. უნდა გავეშვი, რათა მას მომავალი აეთვისებინა
და მისი ტოტები ახალბედა ფოთლებით ჩაენაცვლებინა. მეშინოდა, არ მინდოდა, მაგრამ მაინც
დავვარდი. დედამიწაზე ვიწექი და ვკვდებოდი, ვკარგავდი ფერს და უფრო და უფრო ხმელი ვხდებოდი.
მე ქარს ვენდობოდი, მას დავყვებოდი. ის კი რომელიმე უცხო ადგილას მიმაგდებდა ხოლმე.
შემდეგ ახალი ქარი გამოჩნდებოდა, რომელიც წინას მსგავსად, მოულოდნელად მიმატოვებდა
და გზას უჩემოდ განაგრძობდა. მინახავს წვიმაც, წყალდიდობაც, ჭექა-ქუხილიც. მთელი ცხოვრება
სრულიად მარტო უბრალოდ გადარჩენას ვცდილობ. შენ კი არასდროს გიფიქრია და ვერასდროს
დავუშვებ, რომ მე იმაზე მეტი მაქვს გამოვლილი,
ვიდრე ზოგიერთ ადამიანს.
მე ვიყავი შენი პირველი კაბა, მე შევმოსე პირველი ადამიანი, მე
ვიყავი თქვენი პირველი ვეგეტარიანული კერძი, მე უხსოვარი დროიდან გიცავდით მზის მწველი
სინათლისა და სითბოსგან. მე და ჩემნაირებმა დავნერგეთ ხელოვნება, ჩვენ დავეხმარეთ ხელოვანებს
ცოდნისა და უნარების მიღებაში, დიდი როლი ვითამაშეთ თქვენს განვითარებაში და დღემდე
ვთამაშობთ...ზოგიერთ ჩვენგანს თქვენი გაკურნებაც კი შეუძლია, თქვენ ჩვენ გარეშე ვერ
იარსებებთ.
თქვენ კი ამას ვერც ხედავთ, არც არასდროს გიფიქრიათ.“ეჰ,ფოთოლი“- ალბათ ახლაც ასე ფიქრობთ.
***
სარკმლიდან მოჩანს თეთრი ფანტელები
როგორ მოცეკვავენ ციდან,
როგორ არშიყობენ ჭადრის ჟღალ ფოთლებთან,
ფოთლებიც თრთიან და თრთიან.
ცელქობენ ფოთლები, ნაზად იღიმიან,
იტყვი, ცეკვავენო თითქოს,
ფანტელებს ეკრძალვის ობოლი ფოთოლი,
ჩაბღაუჭებია ხის ტოტს.
ვერა, ვერ გაუძლო ფოთოლმა განაჩენს,
ფიფქებმა კამარა შეკრეს...
ჰა, ჟღალი ფოთოლი მიწაზე დაეშვა
და დაემორჩილა სვე-ბედს.
უკანასკნელი ფოთოლი
შემოდგომის წვრილი წვიმა... დაუსრულებელი ცრიატი... ჩუმი შემპარავი,უხმაურო და მაინც შემაწუხებელი... ჩამოწოლილი ტყვიისფერი ცა, ტალახი...მიუხედავად ამისა, თავისებური სილამაზე ეუფლება ქალაქს ბუნების ჭკნობის ჟამსაც. თითქოს მოსწყინდათო ხეთა კენწეროებზე ყოფნა, ფოთლებმა თითო-ოროლად იწყეს მიწაზე ცვენა. დიდხანს, უჩუმრად დაფარფატებდა ჰაერში ოქროსფერი ნეკერჩლის ფოთოლი, ქარიც უმოწყალოდ მიაქროლებდა. ნეტავ, სად, სად დაეშვება!? ,,ნახვამდის, საყვარელო ქალაქო, მწვანე ტყევ, ტყე-პარკებო! მშვიდობით, ჩემო მეგობარო, ნეკერჩხალო! მე დავბრუნდები, კვლავ დავბრუნდები..." ვინ იცის,რამდენ ხანს იფარფატა უკანასკნელმა ფოთოლმა, ბოლო გაბრძოლება და ისევ დედამიწა, გუბე, წვრილი წვიმა და ნისლი, თითქოს საბნად რომ დაეფინა ოქროს ფოთოლს. აგერ მზემაც დაანათა, გაათბო იგი და ნაღვლიანი, ღონემიხდილი დაესვენა დედამიწის გულზე.
***
დადგა შემოდგომა, ყველაფერი ყვითლად შეიმოსა… სამწუხაროა, რომ ამ ყოველივეთი ვერ ვისიამოვნე და სამწუხაროა ისიც, რომ ვერც ადრე ვამჩნევდი და ახლა დავაფასე. ცხოვრება პატარა ფოთოლს წააგავს, არავინ იცის, როდის ჩამოვარდება და რა ემოციას გამოიწვევს ჩვენში. რა უბედურებას დაატრიალებს ან როგორ გაგვახარებს. გავიდა დრო, ის ფოთოლი ნეშომპალად იქცა. ჩვენი ტყუილად დაკარგული დროც წარსულს ჩაბარდა. თითქოს ბევრი რამ გამოვტოვე, მაგრამ უამრავი იდეა გამიჩნდა, დავფიქრდი იმაზე, რაზეც აქამდე არ მიფიქრია და დავინახე ის, რასაც არასდროს შევამჩნევდი. უკვე ზამთარიც დადგა და ეს ყველაფერი ისე უცებ მოხდა გააზრებაც ვერ მოვასწარი. თუმცა ერთ რამეს ნამდვილად მივხვდი, სიცოცხლე ზედმეტად კარგი და ხანმოკლეა, ნუ დაველოდებით ფოთოლის ჩამოვარდნას , დავაფასოთ ჩვენი თავი, დავტკბეთ იმით, რაც გვაქვს და, რაც მთავარია, გვიყვარდეს ერთმანეთი.
***
ახლა უკვე დეკემბერია, შემოდგომის კვალი წესით აღარ უნდა იყოს, მაგრამ ქუჩები ისეა წითელ-ყვითელი ფოთლებით მორთული, როგორც არასდროს. თითქოს ეშინიათ, რომ ხალხს დაავიწყდება მათი არსებობის შესახებ და უნდათ ჭარბად მოხვდნენ ადამიანების თვალებში, თვალებიდან ცნობიერსა და ქვეცნობიერში.
დღეს უკვე 12 დეკემბერია და მიუხედავად იმისა, რომ ახალ წლამდე 2 კვირაა დარჩენილი, ქუთაისისთვის უჩვეულოდ ქალაქი უკვე მორთულია. გვერდს ვუვლი შენობებს, რომლებიც, ალბათ, დიდ ისტორიას ინახავენ... რამდენი სიხარული და სევდა უნახავთ ამ ჭადრებს... ვდგავარ შუა გზაზე და ვფიქრობ, თუ რამდენად უჩვეულო გახდა ადამიანისთვის საღამოს ქუჩებში სეირნობა. როცა წარმოვიდგენ, როგორი იქნებოდა ეს წამი ერთი წლის წინ, ეს სახეზე ღიმილს მგვრის, ოღონდაც სევდიან ღიმილს... ალბათ, ეს ფოთლებიც ნატრობენ ძველ 12 დეკემბერს. წარმოიდგინეთ, რა კარგი იქნებოდა მათ ადგილას ყოფნა, როცა ხედავ, როგორ მორბის გახარებული ბავშვი სკოლიდან, რომ დედას მოუყვეს, რა გააკეთა კარგი დღეს, ან იმ ადამიანების ყურება, რომელთაც სმსახურში აგვიანდებათ, შეყვარებული წყვილების, წვრილმანებით გაბედნიერებული ადამიანების, ან თუნდაც გაბრაზებული ბავშვის, რომელიც “დიდებმა” არ ათამაშეს თავიანთ “დიდურ” თამაშში. ყველაფერი ეს კარგი შესახედი იყო, მაგრამ ახლა გონებით ისევ იმ ადგილზე უნდა დავბრუნდე, სადაც სიარული შევაჩერე და გავაგრძელო სვლა სულ სხვანაირად დასევდიანებულ ქალაქში. არასდროს მიფიქრია, რას გრძნობდნენ ფოთლები მაშინ, როცა აჩქარებით მოსიარულე არც კი ვაკვირდებოდი, ვაბიჯებდი თუ არა მათ, სახლში მივიჩქაროდი, რომ კალენდარში კიდევ ერთი დღე გადამეხაზა და ის ფაქტი, რომ ზამთარი მალე დადგებოდა, კიდევ უფრო ბედნიერს მხდიდა. ახლა ყველაფერი სხვაგვარადაა. ყვითელი ფოთლები, რომლებიც სიჩუმეს ჰგავდა, ახლა ყველაზე მეტად ხმაურობენ.
დღეს უკვე 12 დეკემბერია, საღამოს 7 საათი, საუკეთესო დრო, დღე და ამინდი, ზუსტად დაემთხვა ერთმანეთს, ამიტომაც დავდივარ “მორთულ” ქუჩებში და თან ფრთხილად, ძალიან ფრთხილად მივაბიჯებ. მეშინია... მეშინია, რომ ბუნება გამიწყრება, რადგან ზამთარს ასე მოუთმენლად ველოდები, ამიტომ ძირს უკვე აღარ ვიყურები, ფოთლებს თვალს ვარიდებ. ვუყურებ ჩამქვრალ ნათურებს, რომლებმაც წესით, საახალწლო განწყობა უნდა შემოიტანონ ჩემში, მაგრამ იმედგაცრუებულს, ისევ ფოთლებზე გადმომაქვს მზერა...
***
-გრუტ, რას აკეთებ! - ხმაურიანად შემოაღო სახლის კარი და ...
შემოდგომის ცივი საღამოა, ძალიან ცივი. მარტო ვარ სახლში შეყუჟული, როგორც ჩემი ოთახის ფანჯრის წინ ბეღურები, ნახევრადშიშველი ხის ერთ ტოტზე. მზე დაიკარგა, ღრუბლებმა ჩვენი დრო დადგაო. აწ უკვე, ყვითელმა ფოთლებმა, ჩვენ მაინც გამოვანათოთო და მართლაც, კაშკაშა ვარსკვლავებივით ახალისებენ ნაცრისფერ სამყაროს, სანამ ფიფქები არ აიღებენ ამ საქმეს საკუთარ თავზე .
მე... მე უკვე ვიცი, რას ნიშნავს ეს ჩემთვის. ჩემთვის ეს ნიშნავს ყვითელ
ფოთლებს, როგორც ჩემს თავს სხვადასხვა, მათსავით თვალისმომჭრელ სამყაროში, სამყაროში, სადაც ყველაფერი ხდება, ცუდიცა და კარგიც.
გონება, როგორც
საყდრისი ოქროს,
აფრქვევს აზრებს
და აჩერებს წამებს,
აჩერებს წამებს
და სანამ დრო გაქვს
უნდა აიღო სუფთა
ფურცელი,
რომ დაუტოვო სამყაროს
წამი,
როგორც ბებიის
ნაქსოვი წინდა
ჩვილის გასათბობ
პატარა ფეხებს.
... ხმაურიანად შემოაღო კარი და ვუპასუხე:
-საყვარელ საქმეს...
შემოდგომის ცივ და სუსხიან ღამეს ვიღაც განწყობას ელის ბედნიერებისთვის,
ვიღაც კი ბედნიერებას სუსხშიც ჰპოვებს.
სიცოცხლის საიდუმლო
გაზაფხული ყველანაირი
სიცოცხლის დასაწყისად ითვლება. სწორედ ამ დროს მოევლინა ქვეყანას ბებერი მუხის ფოთოლი.
ზოგადად ფოთლებს ცხოვრებაში ერთადერთი მიზანი მიზანი აქვთ, მთელი თავიანთი სიცოცხლის
განმავლობაში ისინი ჩამოსავარდნად და ახლებისთვის ადგილის დასათმობად ემზადებიან. ასე
განვლო გაზაფხული და ზაფხული ჩვენმა ფოთოლმაც. შემოდგომის მოსვლიდან ხანმოკლე პერიოდში
ხეს მოწყდა, ნაზად ჩამოფარფატდა და სველ ნიადაგს დაეცა. მან თვალები დახუჭა და მშვიდ
ძილს მიეცა.
რამდენიმე დღის შემდეგ
ფოთოლმა თვალები გაახილა, თუმცა რაღა ფოთოლმა, ჭიაყელამ. დიახ,ჩვენი გმირი ჭიაყელად
გადაქცეულიყო. ფოთლობის პერიოდში შორიდან ბევრი ჭიაყელა ენახა. უნდოდა მათსავით შესძლებოდა
სიარული და სამყაროს ნახვა. ეს ოცნება აუხდა, თუმცა მისი სიხარული ხანმოკლე აღმოჩნდა.
მის საუბედუროდ მეთევზეს სატყუარა გამოლეოდა და ახლა ტყეში დადიოდა ჭიაყელების საძებნელად.
ეს ტრაგიკული ბედი ეწია ჩვენს გმირსაც.
გავიდა რამდენიმე კვირა.
ახლა ჩვენი ჭიაყელა სამყაროს თევზის სახით მოევლინა. ბევრს დაცურავდა, სხვა თევზებს
ეცნობოდა, სამყაროს შეიცნობდა... ამჯერად მისი სიცოცხლე შედარებით გრძელი აღმოჩნდა, მაგრამ მდინარის
ახლომახლო ერთმა არწივმა დაიდო ბუდე. მას ძალიან უყვარდა თევზებზე ნადირობა. ბევრი
ჩვენი გმირის მეგობარი შეიწირა არწივმა. თევზს არ უნდოდა მეგობრების ბედის გაზიარება,
მაგრამ ისიც არწივის კლანჭებში აღმოჩნდა.
გავიდა რამდენიმე თვე.
ჩვენმა გმირმა კვლავ გაახილა თვალები, გარშემო მიმოიხედა და თავი არწივის ბუდეში ამოყო.
ის ამჟამად ცხოველთა მეფედ, არწივად გარდაისახა. მან ფრთები აათამაშა და ცაში აფრინდა.
ასეთი დიდი ტერიტორია აქამდე არასოდეს ენახა, ამიტომ გადაწყვიტა გამოეყენებინა ეს შანსი
და სამყარო მოეარა. ბევრი რამ ნახა არწივმა თავისი დიდი სიცოცხლის განმავლობაში. როცა
ძალიან დაბერდა, ერთ ტყეში, რბილ ნიადაგზე მიწვა და თვალები მილულა.
ჩვენმა გმირმა ისევ გაახილა
თვალები. გამოძრავება სცადა, თუმცა ეს არ გამოუვიდა. ის ისევ ნორჩ, მწვანე ფოთლად გადაქცეულიყო,
რომელიც მუხის კენწეროდან დაჰყურებდა სამყაროს. უკვე ბუნდოვნად ახსოვდა თავისი წინა თავგადასავლები.
იქნებ ეს ყველაფერი არც კი მომხდარა? იქნებ ყველაფერი სიზმარი იყო? ამ პასუხგაუცემელი
კითხვებით განაგრძო თავისი, ჩვეულებრივი ფოთლური ცხოვრება.
***
კარგია ცხოვრება, ეს არის ყველაზე სახალისო, უცნაური, საოცარი რამ სამყაროში. აქ ულიმიტო შესაძლებლობებია, საინტერესოა თუ როგორ განვვითარებით, რას აღმოვაჩენთ ახალს, როგორ მაგარ რამეებს გამოვიგონებთ შემდეგში. მაგრამ გვავიწყდება, რომ ხანდახან, უნდა მოვეწყოთ კომფორტულად და ვიფიქროთ, რას ნიშნავს, რომ ცოცხალნი ვართ, რა არის ხალისი, რა არის ჩვენი მიზანი.
ადამიანი, რომელიც სწავლობს თავისი მომავლისათვის, ადამიანი რომელიც ცხოვრობს იმ მომავლისთვის და კიდევ წინ მიიწევს, ადამიანი, რომლის ოცნებები აღემატება ამ რეალობის ფარგლებს...
ყველას აქვთ რაღაც მიზანი, ზოგი ადვილად მისაღწევი, ზოგიც შეუძლებელი, სწორედ ამას ეწოდება ცხოვრება...ცხოვრება არის ბევრი ბევრი მიზნის დასახვა და წინ დიდი თუ პატარა ნაბიჯების გადადგმა.
თითქოს გემზე ხარ და მიცურავ მზისკენ, ყოველთვის რჩები მზის თბილ, ყვითელ სხივებში და ხარ ბედნიერი. სიბნელეს უკან იტოვებ.
თუ გემის სიჩქარე შეანელე, მზეს უფრო და უფრო დაშორდები, სანამ არ გაქრებიან მთლიანად ეს ნათელი სხივები და წყვდიადში არ დაიკარგები. ამიტომ არ უნდა შეანელო ხომალდი და განაგრძო წინსვლა. შეიძლება იცოდე, რომ მზეს ვერასდროს მიაღწევ, აცნობიერებდე, რომ შენი ოცნებები მიუღწეველია, მაგრამ სანამ წინდაწინ მიიწევ, სანამ ხარ ნათელში, ბედნიერი იქნები თუ მოწყენილი, ცხოვრების აზრი არ დაგეკარგება.
ევოლუცია და წინსვლა, ამ ორმა რაღაცამ მოგვიყვანა ჩვენ აქამდე.
ჩვენი ხომალდი არის ცნობისმოყვარეობა, სურვილი ყველაფრის ცოდნისა და ყველაფრის ფლობისაა, ძრავა, რომელიც გვამოძრავებს კი ევოლუციაა. ხოლო ჩვენი მიზანი არის ამოუცნობი, ჯერ არ შეგვისწავლია, რისთვის გავჩნდით, რატომ ვართ აქ. სწორედ ესაა საინტერესოც, არ იცი, რა მოხდება, როცა ის დამთავრდება, ამიტომ არ ფიქრობ ამაზე. ისახავ მიზნებს, აღწევ ამ მიზნებს, ისახავ სხვა მიზნებს, რჩები ყვითელ სხივებში, ხარ ბედნიერი.
თუ ოდესმე ნავის მართვა გაძნელება და შენელდება წინსვლა, დაიმახსოვრეთ, რომ არ ხართ მარტო, არის ვინმე, ვისაც თქვენი სჯერა, თუნდაც უცხო იყოს... თქვენ მარტო არ ხართ, ისინი დაგეხმარებიან სიბნელიდან ამოსვლაში. თუ უკან დარჩები, თანდათან ცხოვრებას აზრი აღარ ექნება, დადგება მომენტი, როცა წინსვლა შეუძლებელი იქნება... ამიტომ უნდა დარჩე ნათელში, დაისახო მიზნები, გქონდეს ოცნებები.
მოვა დრო, როცა ვეღარ მართავ ნავს, ნუ ღელავ, შენი საყვარელი ადამიანები, შვილები, შვილიშვილები გააგრძელებენ გემბანზე ყოფნას, შენ შეგიძლია დაისვენო, ამდენი შრომის შემდეგ საბოლოოდ დახუჭავ თვალებს და დაიძინებ სამარადისო ღიმილით.
შენ ეს შეძელი, შენ ნათელში დარჩენა შეძელი...
***
***
ნეკერჩხალმა უჩურჩულა ალვას თავის დობილს:
" მიმატოვეს ფოთლებმაო, ჩანს ზამთარი მოდის".
ალვამ მძიმედ ჩაიფერთხა ოქროსფერი კალთა,
გიორგობის თვე მოსულა აგერ უკვე კართან
შესცივდებათ ყვითელ ფოთლებს,
ალბათ მალე მოთოვს,
მეც შენსავით ვერ ველევი უკანასკნელ ფოთოლს.
***
- რატომ? -მკითხა მან - რატომ უკეთებ ამას შენს თავს, რატომ ამბობ უარს სიცოცხლეზე?!
ფოთოლის ჩამოვარდნამდე
დარჩენილია 60 წამი;
- რატომ? - შევიცხადე მე - ოჰ, მეგონა, რომ შენ მაინც გამიგებდი, მაგრამ შენც ზუსტად მათნაირი ხარ, შენი თავის გარდა არავინ და არაფერი არ გადარდებს.
- მაგრამ, რატომ?- გაიმეორა
მან.
50 წამი
რატომ? ალბათ, იმიტომ
რომ ამ სამყაროში ჰომოსაპიენსებმაც ვერ ჩაახშეს პრიმატები თავიანთ გონებაში, ალბათ,
იმიტომ, რომ ჯერ კიდევ სიმართლის თქმისთვის
კაცს დაუფიქრებლად გაასამართლებენ და ჩაქოლავენ.
40 წამი
ალბათ, იმიტომ რომ
სიყვარულის გრძნობა აღარ შერჩა ადამიანს და იგი მხოლოდ სიტყვაა მისთვის. ადამიანის
ყინულივით გულს ერთგვარი სიყვარული შეუძლია მხოლოდ, საკუთარი თავის.
30 წამი
ალბათ, იმიტომ რომ
ჯერ კიდევ ვერ შეიგნო ადამიანმა, რომ გარეგნობა გასაკიცხი არ არის, ალბათ, იმიტომ რომ
ჯერ კიდევ არ დახოცილან ადამიანები, რომლებსაც
მონობა სწორი ჰგონიათ. ალბათ, იმიტომ რომ მას ჰგონია, რომ მისი სტომაქი სხვისი შრომით
უნდა „გაძღეს“.
20 წამი
ალბათ, იმიტომ რომ
ადამიანებს სიკეთის გრძნობა დაუკარგავთ. მათთვის იგი არაფერს აღარ წარმოადგენს. ისინი
სიკეთის გაკეთების საჭიროებას მხოლოდ მაყურებლების წინაშე გრძნობენ და ეს სულელი მაყურებელი
ტაშს უკრავს მათ.
10 წამი
ალბათ, იმიტომ რომ
ადამიანს იუმორი სხვისთვის შეურაცხყოფის მიყენება ჰგონია. ალბათ, იმიტომ რომ იგი არ
ფიქრობს, რა შეიძლება მოჰყვეს მის თითოეულ წინადადებას, სიტყვას, ასოს. ალბათ, იმიტომ
რომ ბევრს გართობა საკუთარი თავის თუ ოჯახის გაჭირვება ჰგონია. ერთადერთი გრძნობა,
რომელიც მას არ დაუკარგავს, სიხარულია.
ასე სიხარულით ვარდებოდა
ფოთოლი, სანამ ყველაფერი არ გაშავდა, არ გაჩუმდა, არ მიწყნარდა...
ზაფხულის მერე
ვიზრდები, კიდევ ვიზრდები, მერე სხვას ვზრდი.... მოდის ზაფხული და ვმცირდებით, ვმცირდებით და ბოლოს მეც ჩამოვალ დაბლა და ვუცდი, როდის გადამაგდებენ. ეს არის ყველას საბოლოო წერტილი. ყოველთვის მიფიქრია იმაზე, რომ იქნებ არ ჩამოვვარდნილიყავი და დავლოდებოდი გაზაფხულს, მაგრამ არა... გაზაფხულზე ჩემს ადგილას გამწვანებული სხვა ფოთოლი ამოვა იმავე მომავლით. ასეთი მოკლეა ჩვენი ცხოვრება, მაგრამ ბევრი რამის ნახვას ვასწრებთ, რაც სხვას არავის უნახავს ან ოცნებობს, რომ ნახოს, მაგრამ მაინც სრულდება ყველაფერი მიწაზე...
***
წყარო: https://www.pinterest.com/pin/455567318527191398/
ძალიან კარგი ნამუშევრებია!
ReplyDeleteსაუკეთესო მასწავლებელი და ძალიან კარგი ტექსტები <3 აღფრთოვანებული ვარ! საჩუქრად ჩემგან - შემოქმედებითი მასტერკლასი! როცა თქვენ იტყვით!
ReplyDeleteდიდი, დიდი მადლობა ამ შემოთავაზებისთვის და ასეთი უკუკავშირისთვის!
Deleteძალიან ვისიამოვნე თქვენი მოსწავლეების ნამუშევრებით. წარმატებები უმაგრეს მასწავლებელსა და მის კრეატიულ მოსწავლეებს.
ReplyDeleteარაჩვეულებრივია, ნინო, ვისიამოვნე!
ReplyDelete<3
Deleteრა კარგები არიან, წარმატებები მასწს და მოსწებს <3
ReplyDeleteმადლობა. ❤️
Deleteაღვფრთოვანდი, საოცარი ნამუშევრებია. მიხარია!
ReplyDeleteგმადლობთ. ❤️
Delete